27.თებერვალი .2020 18:46

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენებს ამცირებს - როგორ უნდა მოიქცნენ მგზავრები

views 512
უკან

ავიაკომპანია Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება.

საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.

მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ.

მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს.

ყოველკვირეული სიხშირის ცვლილება

• მილანში — 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ფრენა პარასკევ დღეს იქნება;
• რომში — 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათი დღის ფრენა დარჩება;
• ბოლონიაში — 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება;
• ბარიში — 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდება სამი ფრენა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. იტალიაში გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.