27.ოქტომბერი .2020 15:25

WizzAir ქუთაისში ბაზას 2021 წლის ზაფხულის სეზონზე დააბრუნებს

WizzAir ქუთაისში ბაზას 2021 წლის ზაფხულის სეზონზე დააბრუნებს
views 2504
უკან

"ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ.

ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა.

„პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ.

ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა