მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WizzAir: ვმუშაობთ საქართველოდან რეისების დამატებაზე, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო

5f99866c35acc
მარიამ ადამია
28.10.20 19:00
1244
უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ Bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, WizzAir ახლა ქუთაისიდან რიგაში დაფრინავს და ეტაპობრივად დაიწყებს ფრენების აღდგენას დორტმუნდის, კატოვიცესა და ვილნიუსის მიმართულებით.

“შექმნილი მდგომარეობა საავიაციო სექტორში, ისევე როგორც მსოფლიოში არის რთული და ყველა ქვეყანას თავისი მოთხოვნა აქვს. შესაბამისად, ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის, უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდაზე და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ეტაპობრივად ვეცდებით ძველი პოზიციების დაბრუნებას,” - განაცხადა ანდრაშ რადომ.

WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში ან საქართველოდან ფრენასთან დაკავშირებით იყო მიღებული, იყო სწორი, თუ არ ჩავთვლით საზღვრების გადადებულ გახსნას.

“დღევანდელი მდგომარეობით დაგეგმილია, რომ ქუთაისის ბაზა, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულში გავხსნათ. სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ეს არ ხერხდება. პარალელურად კი, ვაგრძელებთ მუშაობას და საუბრებს, თუ როგორ გავაგრძელოთ ოპერირება საქართველოში და რა სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებლებს. როგორ დავეხმაროთ ადგილობრივ ეკონომიკას და მივცეთ ადამიანებს ევროპაში მოგზაურობის საშუალება, ისე როგორც ეს კოვიდამდე იყო - იაფად და მარტივად. სწორედ ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან და ვცდილობთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, რომ ქუთაისიდან, უფრო მეტ ქალაქში იყოს მოგზაურობა შესაძლებელი,” - განაცხადა ანდრაშ რადომ.

შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა.