მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლევანდელი წელი იქნება სატესტო და ვერანაირ ტურისტულ მასშტაბურ კამპანიას ვერ აწარმოებ"

5ec420a8d1edf
თამთა ჯიჯავაძე
19.05.20 22:07
1572
დღესდღეობით ნებისმიერმა ორგანიზაციამ, კერძომ თუ სახელმწიფომ, იქნება ეს ტურიზმის ადმინისტრაცია თუ კერძო ასოციაციები, რაც არ უნდა მარკეტინგული კამპანია აწარმოონ, არ იქნება ეფექტური, – ამის შესახებ "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა BMG-ს განუცხადა. მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს იმიტომ, რომ არ ვიცით მოლოდინები რა არის.

„ეკონომიკა გაჩერებულია. ტურიზმი გაჩერებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამაც არ იცის რა დატვირთვით და მოლოდინებით ამუშავდება ბიზნესი. ბიზნესმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ვხედავთ, რომ ივლისი-აგვისტოდან მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა დაიწყება. წლევანდელი წელი იქნება მთლიანად სატესტო, აქედან გამომდინარე, სატესტო წელს ვერანაირ მასშტაბურ კამპანიას ვერ აწარმოებ, იმიტომ რომ არ ვიცით მოლოდინი რა არის. ამას გარდა, ძალიან დიდია უნდობლობა, არამხოლოდ ქვეყნისადმი, არამედ საერთოდ ტურიზმისადმი“, – აღნიშნა ასათაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი ეტაპისთვის სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ ტურისტულ აქტივობას, ანუ სამეზობლოში დაიწყება ტურისტული მიმოსვლა.

„მხოლოდ მომავალი წლიდან შეიძლება ვისაუბროთ გრძელი მიმართულებების ამუშავებაზე. აქედან გამომდინარე დღესდღეობით რაიმე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის წარმოება იქნება აბსოლუტური შეცდომა და იმ მწირი რესურსების დახარჯვა, რომელსაც გაფრთხილება და სწორი მიმართულებით გადანაწილება სჭირდება“, – განაცხადა მან.