მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე 150 ტონა ნაყინის გაყიდვას ვგეგმავთ - "ბასკინ რობინსი"

625c314b2ae91
ლიკა გურაბანიძე
18.04.22 00:10
1479
“ბასკინ რობინსი” მიმდინარე წელს 8 ახალი ობიექტის გახსნას და წლის ბოლომდე 150 ტონა ნაყინის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის „ბ&რ ჯორჯიას“ თანადამფუძნებელმა ლევან გოგავამ განუცხადა.

მისი თქმით, covid-შეზღუდვების მოხსნამ და ქვეყანაში რუსი და უკრაინელი ვიზიტორების ზრდამ ნაყინზე მოთხოვნა გაზარდა.

“საქართველოში ნაყინის სეზონი ახლა იწყება, მაგრამ მოთხოვნა უკვე საგრძნობლად მაღალია. ტურისტების შემდეგ, ჩვენი ნაყინის პოპულარიზაციისთვის რესურსს თინეიჯერებში ვდებთ, რადგან მათ “ბასკინ რობინსის“ შესახებ ნაკლებად იციან, განსხვავებით უფროსი თაობისა, რომელსაც ის უფრო მეტად ახსოვს.

ახალი ობიექტების გახსნას აქტიურად ვგეგმავთ. წელსვე 8 ფილიალი დაემატება, საიდანაც თბილისში - 2, ხოლო ქალაქგარეთ 6 იქნება. ახალ ობიექტებში ჯამურად 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

აღსანიშნავია, რომ ობიექტების დამატებით, გასული წლის ზაფხულის სეზონზე გაყიდვები, დაახლოებით, 150%-ით გაგვეზარდა“, - განმარტა ლევან გოგავამ.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, მისი თქმით, მიუხედავად გაძვირებული ლოგისტიკისა და ნედლეულისა, ფასების ზრდას არ გეგმავენ. "ფასების შენარჩუნება მოთხოვნის და ახალი ფილიალების დამატების ხარჯზე მოხდება", - დასძინა მან. 

ამერიკული “ბასკინ რობინსი” გასული წლის გაზაფხულზე გაიხსნა. კომპანია საქართველოში ამჟამად 10 ფილიალითაა წარმოდგენილი, საიდანაც 6 ფილიალი თბილისში აქვს, ხოლო 4 - რეგიონებში. ამჟამად კომპანია საქართველოში 50 ადამიანს ასაქმებს, ახალი ფილიალების დამატებით კი დასაქმებულების რაოდენობა 50-ით კიდევ გაიზრდება და ჯამში, 100-მდე ავა. 

ცნობისთვის: "ბასკინ რობინსი" ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში 90-იან წლებში ოპერირებდა.