მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლის ბოლომდე ინფლაციის 3%-ზე ჩამოყვანა ძალიან რთული იქნება“ - რა მოლოდინები აქვთ ეკონომისტებს?

61de78665993c
თათია ჩაფიჩაძე
12.01.22 22:20
536
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ინფლაციის შემცირებაში მთავარ ფაქტორებად გაცვლით კურსის და მსოფლიოს მასშტაბით არსებული ვითარების სტაბილურობას ასახელებს. BM.GE-თან საუბრისას პაპავა ვარაუდობს, რომ აპრილიდან ფასების კლება დაიწყება, თუმცა 3%-მდე ჩამოსვლა ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია.

მისივე შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანწილად მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, 3%-იან მაჩვენებელზე ჩამოსვლისთვის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის დატოვება დიდი ხნის განმავლობაში დადებითი ეფექტის მომტანი ვერ იქნება.

“რამდენიმე ფაქტორია, რომელიც გავლენას მოახდენს ინფლაციაზე, პირველი - ეს არის გაცვლითი კურსი, რამდენად მოვახერხებთ რომ ის შევინარჩუნოთ არსებულ ნიშნულზე და დავაბალანსოთ გაუფასურებიდან მომდინარე რისკები. მეორე - ჩვენ ვხედავთ რომ შარშანდელი მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე 2022-ში სახელმწიფომ გადაწყვიტა ხარჯების გაზრდა, მათ შორის ხელფასების ნაწილში, ეს გადაითარგმნა კერძო სექტორში გაზრდილ ხელფასებშიც და აქედანაც გარკვეულწილად გაზრდილი მოთხოვნა შესაძლებელია რისკი იყოს ინფლაციაზე და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იქნება მსოფლიოს მასშტაბით რა ცვლილებები განხორციელდება. ვხედავთ ახალ შტამებს, ეფექტიანობის მოსალოდნელი გაზრდა სხვადასხვა სექტორების მიწოდების ჯაჭვებში დროში გადადის, შესაბამისად აქედან გამომდინარეც ისეთი სწრაფი ტემპით როგორც 3-4 თვის წინ ვვარაუდობდით, რომ ინფლაცია ქვევით წამოვიდოდა, როგორც ჩანს არ გვექნება. თუმცა ვფიქრობ, რომ მარტი-აპრილიდან მნიშვნელოვანი ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელში გვექნება, ერთჯერადი ფაქტორები გამოირიცხება და ამის მერე ვითარება იქნება დამოკიდებული სტაბილურობის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სიტუაცია რამდენად დალაგდება, თუმცა 3%-ზე მისი ჩამოყვანა ძალიან რთული იქნება.

ცალკე საკითხია რამხელა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას, ანუ რამდენად დიდი ხნით უნდა დავტოვოთ გამკაცრებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ამ 3%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეთ. ამ ინფლაციის დიდი ნაწილი არ არის ადგილობრივი მიზეზებით გამოწვეული და გადამეტებული ყურადღების დათმობა შეიძლება არ ღირდეს. ზოგადად სხვა ქვეყნებშიც ალბათ დაიწყებენ იმაზე ფიქრს ახალ რეალობაში ხომ არ შეიძლება უფრო მაღალი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლების შერჩევა და რამდენად ოპტიმალურია ის 3%, რომელიც განსაზღვრული იყო განსხვავებული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე", - განაცხადა პაპავამ.

მარტიდან ფასების კლების მოლოდინი აქვთ Galt&Taggart-შიც. კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სურსათზე ფასები შემცირდა, კლების ტენდენციაა ნავთობის მიმართულებითაც, რაც ოპტიმიზმის გაჩენის საფუძველს იძლევა, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებზე, ლარის კურსზე და გრძელვადიან პერსპექტივებში საერთაშორისო ფასებზე.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კი, გაზაფხულიდან ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე 3%-4%-ის ფარგლებში დავიდეს.