22.მაისი .2022 20:00

წლის ბოლომდე ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდება

წლის ბოლომდე ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდება
views 3766
უკან

ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა კავშირის ქვეყნები. აღნიშნულმა ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100.0 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130.0 დოლარსაც აღწევდა.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მაისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 108.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით უცვლელია. ნავთობის ფასის კლება კი რეზერვების გამოყენების დაანონსებას უკავშირდება. ჯერ კიდევ 31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან დღიურად დამატებით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ბაზარს მიეწოდებოდა, რაც მოგვიანებით, 07 აპრილს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა. ასეთ პირობებში მცირდება ფასები, რადგან იზრდება ნავთობის მიწოდება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

აპრილში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 104.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მარტის ფასს ბარელზე 12.7 აშშ დოლარით ჩამორჩება. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით აპრილში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 3.4 დოლარით ნაკლები შეადგინა. ჯერ კიდევ აპრილში ბარელზე ფასი საშუალოდ 108.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. ნავთობზე ფასის შემცირება რეზერვების გამოყენებას უკავშირდება.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61.4%-იანი ზრდაა. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 39.8 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის აპრილში ნავთობის საშუალო ფასი 64.8 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის მარტში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 65.4 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 117.3 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, მარტში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა უფრო მეტი, 79.3% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეორე კვარტალისთვის ბარელზე საშუალოდ 106.5 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მეორე კვარტალი საშუალოდ 107.7 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100.0-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, მომდევნო წლის თებერვლიდან არის ნავარაუდევი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და გრძელვადიანი პროგნოზები გართულებული. ნავთობზე მაღალი ფასები, 2020 წლის მეორე ნახევრიდან მარაგების შემცირების პირობებში, ნავთობის ბაზარზე წარმოების და მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. აღნიშნული რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და მასზე დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 97.4 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 1.0 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო მარტის საშუალო დღიურ მოხმარებას კი - 0.8 მლნ ბარელით. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 2.1 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 17.1 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის აპრილში საშუალო დღიური მოხმარება 80.3 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის მაისისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 98.3 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.7 მლნ ბარელით ნაკლებია. ნავთობპროდუქტების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება გლობალურად ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების ვარაუდს უკავშირდება. მათ შორის, ძირითადად, ჩინეთსა და აშშ-ში მოხმარების შემცირების მოლოდინს. ამდენად, წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.6 მლნ ბარელით ნაკლები, 98.6 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 2.3 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 13.0 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. თუმცა, სანქციების ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა შემცირდება, რომელიც შეიძლება აზერბაიჯანით კომპენსირდეს.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.72 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.01 მლნ ბარელით აღემატება. წლის მესამე კვარტალში კი აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.73 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 9.92 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც უკრაინაში შეჭრამდე 11.49 მლნ ბარელი იყო. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. თუმცა, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ, მაგრამ ასეთი რამისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მზაობა ჯერჯერობით არ ჩანს.