მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის დასაწყისიდან საწვავი, დაახლოებით, 50 თეთრით გაძვირდა - ვასილ ხორავა

609bd9f4b6ecc
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 10:10
741
ქვეყანაში საწვავის ღირებულება 3 ლარიან ნიშნულს გადასცდა და რიგ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე პრემიუმის ხარისხის ბენზინის ღირებულებამ - 3.02 ლარი, ზოგან კი 3.10 ლარი შეადგინა.

BM.GE-სთან საწვავის ღირებულებაზე საუბრისას „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან საწვავი ადგილობრივ ბაზარზე 50 თეთრითაა გაძვირებული.

„ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო და მომატებას აგრძელებს. შესაბამისად, ეს ტრენდი ჩვენს შიდა ბაზარზე აისახება. თუ ჩვენ ავიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ რამდენით შეიცვალა საწვავის ფასი წლის დასაწყისიდან, ვნახავთ, რომ დღემდე ფასი 200 დოლარითაა მომატებული. ფასების ზრდის დინამიკა ჩვენს რეალობაში, დაახლოებით, 50 თეთრის ფარგლებში მოხდა“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი.

ვასილ ხორავა საწვავის საერთაშორისო ფასებიდან და ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე, საწვავის სამომავლო გაძვირებასაც პროგნოზირებს და ამბობს, რომ არსებული საერთაშორისო ფასების პირობებში საქართველოში საწვავი - 5-10 თეთრით, წლის დასაწყისიდან, ჯამში კი, 60-65 თეთრით გაძვირდება.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის „ვისოლის“ გასამართ სადგურებზე ეკო სუპერი – 3.02 ლარი; ეკოპრემიუმი – 2.95 ლარი; ევრო რეგულარი – 2.85 ლარი; ევრო დიზელი – 2.85 ლარი; ეკო დიზელი – 2.90 ლარი; დიზელ ენერჯი კი 2.72 ლარი ღირს.