მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წულუკიანი - ევროსაბჭომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის კომპენსაციის გადახდა უმოკლეს ვადებში დაავალა

5d8c67be93f9d
თათია ჩაფიჩაძე
26.09.19 11:21
1171
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა უმოკლეს ვადებში დაავალა.

თემაზე მომდევნო განხილვა მომდევნო წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე განახლდება.

„გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის საკითხი, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დებატების დროს, რომელიც გუშინ მინისტრთა კომიტეტის წინაშე შედგა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, იყო სხვადასხვა ტიპის წინააღდეგობები, ისინი ითხოვდნენ ან ვადა გადაწეულიყო თანხის ჩარიცხვის ან რაიმე სხვა შეღავათი მისცემოდათ, თუმცა, კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები და გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მინისტრთა კომიტეტმა შეახსენა რუსეთის ფედერაციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 10 მლნ ევროს მორალური კომპენსაციის ჩარიცხვის თაობაზე, რომ ეს არის რუსეთისთვის შესასრულებელი უპირებო ვალდებულობა და რომ ეს თანხა უმოკლეს ვადებში უნდა ჩაირიციხოს.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ მომდევნო განხილვა შედგება არა მომავალ წელს, არამედ წლის ბოლოს მინისტრთა კაბინეტის მომდევნო სხდომაზე. შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო გაგარძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ამ თვეებში მივაღწიოთ შედეგს მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქეს, რომელიც 2006 წელს ქვეყნიდან გამოაძევა, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის 1-ელ მაისამდე, რუსეთმა „დეპორტირებულების საქმეზე“ დაკისრებული თანხა არ გადაიხადა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა მოითხოვეს.