26.სექტემბერი .2019 12:05

წულუკიანი: შეთავაზება, რომ "საქნახშირი" სახელმწიფოს გადაეცეს, პრობლემის მოშორებას ჰგავს

views 375
უკან

„როდესაც კომპანია სახელმწიფოს ეუბნება, რომ მე ბიზნესი ვერ ვმართე და მზად ვარ უსასყიდლოდ დაგითმო, ეს ალბათ სერიოზული განცხადება არ არის და თავიდან პრობლემის მოშორებას უფრო ჰგავს“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკაზე განაცხადა.

კერძოდ, 2018 წლის ივლისში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ის მზაობას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია „საქნახშირი” სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაეცათ.

წულუკიანის განცხადებითვე, დღეს მთავარი არის ის, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პრემიერის მიმართვით ტყიბულში ჩავა.

„ამოსავალი წერტილი იმ მშრომელი ტყიბულელების უფლებების დაცვა იქნება, რომლებიც ამდენი ხანია სწორედ მათი დამსაქმებლისგან უსაფრთხო შრომის პირობებს ითხოვენ. ითხოვენ თავის დროზე ანაზღაურების ჩარიცხვას, რისი უფლებაც მათ, რა თქმა უნდა, აქვთ. ამ პრიორიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაცვა მთავარი იქნება.

ჩვენი ხელისუფლების პიროებებში 7 წელია მე თვითონ ვარ მოწმე, თუ რამდენი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიზნესის საქმიაობას ხელი შეეწყოს და ბიზნესი იყოს თავისუფალი, შექმნას რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი. სანაცვლოდ აუცილებელია, თითოეულმა ამ ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და უსაფრთხო შრომის სტანდარტი და ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა