მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალი არ ჰყოფნით, რადგან ტურისტები ბევრს ხარჯავენ, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა"

5e1342bfa25fb
თამთა ჯიჯავაძე
06.01.20 21:00
1201
ჩვენი კურორტები არ იყო ინფრასტრუქტურულად მზად, - ამის შესახებ bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განუცხადა. სიდამონიძის თქმით, საჭიროა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, რათა მომავალში მსგავსი პრობლემა მთის კურორტებს აღარ შეექმნათ.

„ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს და ალბათ საჭიროებს უფრო სერიოზულ მოკვლევას, თუ რატომ ხდება ბაკურიანსა და გუდაურში ყოველ სეზონზე ეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომავალში ამ ორმა კურორტმა ტურისტების ნაკადს გაუძლოს და წყალი და სხვა ძირითადი საშუალებები, რომელიც ელემენტარულ კომფორტს ქმნის ტურისტებისთვის, იყოს მოგვარებული. სხვა შემთხვევაში მარკეტინგული ხარჯები, რასაც ჩვენი სახელმწიფო ხარჯავს ტურისტების მოსაზიდად მთის კურორტებზე, გამოდის, რომ არ არის მიზან-შედეგობრივი.

გამჭვირვალე ოფიციალური განცხადებები არ მესმის, რატომ ხდება ეს. ძირითადად ხელის გაშვერის რეჟიმში არიან, ვისი ბრალი შეიძლება იყოს და უფრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აბრალებენ, მაგრამ ალბათ მაინც პრიორიტეტები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დასახული და ეფექტური თანამშრომლობა ჩამოყალიბებული გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან, რათა მომავალ წლებში ეს პრობლემა მოგვარდეს და, სავარაუდოდ, ბევრი გზა იქნება. წყალი არ ჰყოფნის, იმიტომ რომ ტურისტები ბევრს ხარჯავენ, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეყოს ან მაშინ უარი უნდა ვთქვათ ტურისტულ სეზონზე და ამ კურორტების ტურისტულ განვითარებაზე“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

მისივე თქმით, სასტუმროებიც თავის მხრივ უნდა იყვნენ მზად და წყლის რეზერვუარები უნდა ჰქონდეთ, რომ 24 საათის განმავლობაში მაინც ჰყოფნიდეთ წყალი და „ტურისტები არ გაბროდნენ ასე თავქუდმოგლეჯილები“.

Bm.ge-ის კითხვაზე - რამდენად შეიძლება შექმნილი ვითარება აისახოს უცხოელ ტურისტთა რიცხვზე, მაია სიდამონიძემ აღნიშნა, რომ თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ბაკურიანსა და გუდაურში, უცხოელი, ისევე როგორც ქართველი ტურისტების რაოდენობა, შემცირდება.

„იმოქმედებს თუ ეს გაგრძელდა და ასეთი ხასიათი მიიღო მთელი სეზონის განმავლობაში, იმიტომ რომ უცხოელი იქნება თუ ქართველი, როცა იცი, რომ წყალი არ გაქვს და არ იცი როდის გექნება, ეს მნიშვნელოვანი დისკომფორტია განსაკუთრებით მთის კურორტებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის რომ ჯავშნები უქმდება და ბევრი ტურისტი მიდის და ტოვებს სასტუმროებს“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რაც მაგალითად ბაკურიანში არსებობს.
„ბაკურიანში არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად სანიტარული პრობლემა - ნაგვის გატანა, პრობლემებია საცობების კუთხით, როდესაც ჰაერზე მიდიხარ და გვხდება ამდენი მანქანა, საცობი და ქაოტური მდგომარეობა, არ ვიცი შეიძლება ეს არის იმის გამო, რომ მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას, მაგრამ ამისთვის მაშინ ზომები უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.