მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს საკარანტინე სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა - ყველა ჯანმრთელია

5e882799c2f27
თელარა გელანტია
04.04.20 10:26
1377
წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მოქალაქეების ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ამავე დროს ახალი მოქალაქეების მიღება, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში. „ეს არის ჩვენი გუნდის, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგი, რომლებიც ჩართულია COVID19 - ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.

„ჩვენ ვულოცავთ 74-ვე ადამიანს, რომლებიც წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და დღეს სრულიად ჯანმრთელები ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ ადამიანების ტრანსპორტირება მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო და ჩვენ მათ დიდ მადლობას ვუხდით“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.