მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს სანატორიუმების აუქციონი ხვალ სრულდება - მინისტრი დღეს ბიზნესს შეხვდა

62ea8a3b659c7
თელარა გელანტია
03.08.22 18:45
863
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

"წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს გამოიტანა და პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.