მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს სასტუმროების ყიდვით ჩინური და ეგვიპტური ჯგუფები არიან დაინტერესებული - პრემიერის მრჩეველი

62ab8b0cf1c87
BM.GE
17.06.22 00:25
2476
პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წყალტუბოს კურორტის განვითარების პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის გენგეგმა უკვე დამტკიცებულია და ახლა ერთი ორი კვირის შუალედში ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორისთვის პრეზენტაციას გამართავს, რის შემდეგაც აუქციონები გამოცხადდება. მისი თქმით, კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენისთვის უკვე მზად არიან ეგვიპტური და ჩინური საინვესტიციო ჯგუფები.

პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სანატორიუმის საერთო ფასი 50 მილიონი ლარია, საიდანაც თითოეულ პროექტში ინვესტორებმა დაახლოებით $10 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

“წელიწადნახევარია მიმდინარეობს გენგეგმის შემუშავება. ჩვენ ძალიან თანმიმდევრული ვიყავით, შევკრიბეთ ბიზნესი და ვუთხარით - დაანონსდა წყალტუბო, ახლა დასრულდა გენგეგმის მზადება, რომელსაც იტალიური "ბაუ დიზაინი" ასრულებს. მან იმუშავა ერთ წელზე მეტი, კოვიდის გამო გაიწელა ეს პროცესი. შემდეგ მიდიოდა ხალხთან შეთანხმების და მუნიციპალიტეტთან საუბრის პროცესი, ეს პროექტი მოსწონთ თუ არა, რადგანაც რაც არ უნდა გაკეთდეს, ეს ხალხს თუ არ მოსწონს, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.

კარგად იმუშავა მუნიციპალიტეტმა და დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია. შემდეგ 1-2 კვირაში მთავრობა გამოიტანს ისევ საჯაროდ ბიზნესისთვის.

მინდა ვთქვა, რომ მე კარგად მიცნობს ბიზნესი, შემიძლია ვთქვა მათზე უკეთ მე უფრო ვიცნობ მათ. წყალტუბოზე რამოდენიმე ჯგუფთან იყო პრეტენზია, ახლა ერთი დიდი ჩინური ჯგუფია დაინტერესებული, რომ მთლიანად იყიდოს, ასევე ეგვიპტელები არიან დაინტერესებული, რომ წყალტუბოს 70% იყიდონ. წყალტუბოში სულ 20 სასტუმრო იყო საბჭოთა დროს. ამ სასტუმროებიდან დღეს 15 არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ლარია, ანუ $15 მილიონი. ეს რომ პირველად ვუთხარი ერთ დიდ ეგვიპტელ ინვესტორს, მითხრეს რაღაც გეშლებათო. როდესაც მკითხეს რამდენი უნდა ჩავდოთ? ვუთხარი თითოეულში $10-10 მილიონი ანუ $150-200 მილიონია აკვა-პარკთან და შოპინგ ცენტრთან ერთად. მიპასუხეს, რომ ხვალვე ვიყიდითო. იქ ეგვიპტის პრეზიდენტი 1968 წელს ისვენებდა, შედეგად ყავარჯნების გარეშე გაუვლია. ეს ლეგენდა იქ ცნობილია", - განაცხადა ტყემალაძემ.

პრემიერის მრჩევლის თქმით, რეაბილიტირებული წყალტუბო სპორტული შეკრებების და სპორტული რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრიც შეიძლება გახდეს.

“ჩვენი გუნდები ანტალიაში აკეთებენ შეკრებებს, 50 გრადუსი სიცხეა და იქ გაგვაქვს ქართული ფული, როდესაც გარდა იმისა, რომ შიდა კლუბები აქ უნდა იკრიბებოდნენ, 310 კლუბი მთხოვს საქართველოში შეკრებების ჩატარებას რაგბში,”- აცხადებს ტყემალაძე.