მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება - ბიუჯეტიდან 33 მლნ დაიხარჯება

644f5ca9248b3
BM.GE
01.05.23 10:26
563
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის "მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წყალტუბოსა და სოფლების: გუმბრას, თერნალისა და გვიშტიბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება- მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი 80“-ის დირექტორმა, ვალერი ბუცხრიკიძემ მოაწერეს.

სამუშაოების ფარგლებში სამი სოფლის წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ახალი ქსელების, მაგისტრალური მილისა და სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით, რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები. ქალაქ წყალტუბოში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის წყალმომარაგების შიდა და გარე გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იტყობინება, პროექტის შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: გუმბრას, თერნალისა და გვიშტიბის მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

შეგახსენებთ, განვადებით მშენებლობის პროგრამა პრემიერ-მინისტრმა გასული წლის აპრილში დააანონსა. ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ შესაძლოა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5-დან 3 მილიარდ ლარამდეც ყოფილიყო. გეგმით სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენების დაკვეთას მიიღებდა, თანხას კი სახელმწიფო განვადებით გადაიხდიდა.