მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

611f9e7ea93fa
BM.GE
20.08.21 16:32
1455
ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის - „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს.

კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები.

„წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.

საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია - მარკო არდიელი (იტალია) - არქიტექტორ/ქალაქმგეგმარებელი; საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია - ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) - არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ - მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია - ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია - დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს - ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი; გარემოს ნაწილს - „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს - „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“.

გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქალაქ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/12aV6Xc8v5gBWw0pLxTsCTHp_bl3NBepP?usp=sharing