მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში სასმელი წყლის სისტემების დაფინანსებისთვის 106.8 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც არასაკმარისია - აუდიტი

62507e75c2b6e
ალა ისპირიანი
08.04.22 23:34
737
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის სისტემების დაფინანსება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა მხოლოდ106.8 ათასი ლარი დახარჯა. აქედან, 19.8 ათასი ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე მოდის.

ამასთან ხარვეზები გამოვლინდა სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევებშიც.

„მუნიციპალიტეტის 49 სოფელში მცხოვრები 17 272 ოჯახიდან წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდება 14 335 ოჯახს, აქედან, 6 530 ოჯახს − გრაფიკით ან/და შეფერხებით. 2 937 ოჯახს კი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. 2019 წელსა და 2021 წელს ა(ი)იპ − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაკვეთით ბაღებში ჩატარებულია სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევები. 2019 წელს აღებული წყლის 56 ნიმუშიდან, ნორმიდან გადახრა გამოვლინდა 11 შემთხვევაში. 2021 წელს შემოწმებული 23 ნიმუშიდან, ნორმიდან გადახრა გამოვლინდა 6 შემთხვევაში. ხარვეზები გამოვლინდა იმ ბაღებში, რომელთაც წყალი მიეწოდებათ ჭებიდან და ჭაბურღილებიდან“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია წერია, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე ღონისძიებების გეგმა როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას უნდა ითვალისწინებდეს.