მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის ₾12 მლნ დაიხარჯა - ვისი მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი?

6469cc33a85a9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 11:44
941
წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და 12 მლნ ლარი დაიხარჯა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას გადაჭრის.

წყალტუბოს გამწმენდი ნაგებობა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.

“წყალტუბოს წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტის ობიექტია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც არსებულ, ისე უახლოესი პერსპექტივის მოთხოვნას. ობიექტი გაფართოვდება ფაზებად, დატვირთვის და მოხმარების ზრდასთან ერთად. ასევე, შენდება წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალარინების ქსელი და მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გაფართოებისა და გამრიცხველიანების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შედეგად, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც აქედან 160 000 ადამიანს არასოდეს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება.