მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის ექსპორტმა საქართველოს $93.5 მლნ მოუტანა - covid-19 და კომპანიების მოლოდინები

5fb90a54062a1
ლიკა გურაბანიძე
22.11.20 12:05
1919
მინერალური და მტკნარი წყლები საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელში შედის. საქსტატის მონაცემებით, 10 თვეში ქვეყანამ წყლების ექსპორტიდან $93.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს  16.2%-ით ჩამორჩება. TOP-ექსპორტიორ კომპანიებს შორისაა: "აქვა გეო", "აიდიეს ბორჯომი საქართველო", "საირმე მინერალ ვოთერს", "წყალი მარგებელი", "Georgian water & Company" და ა.შ.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან და გაურკვევლობიდან გამომდინარე, ინდუსტრიაში არცთუ პოზიტიური მოლოდინები აქვთ, თუმცა წარმოების პროცესს უწყვეტად განაგრძობენ. კორონავირუსთან ერთად, შიდა ბაზარზე კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ლარის კურსის რყევებიც. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდა, არაა გამორიცხული, 2021 წლიდან პროდუქციის გაძვირებაც მოუწიოთ. "ამ ეტაპზე პროდუქციაზე ფასის შენარჩუნებას მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვცდილობთ", - აღნიშნავენ მწარმოებლები.

ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ ჰოლდინგურ კომპანია „წყალ მარგებელში“, რომელიც "ნაბეღლავს", "ბახმაროს" და "ჯეო ნატურას" აერთიანებს, აცხადებენ, რომ პანდემიის გამო შექმნილი ვითარება მათ საექსპორტო ბაზრებზეც დიდ გავლენას ახდენს, რაც კომპანიის საერთაშორისო გაყიდვებზეც შესაბამისად აისახა. რეალიზაციის კუთხით, სახარბიელო მაჩვენებლები არც ადგილობრივ ბაზარზე აქვთ, რაც ტურიზმის ჩაკეტვას და შესაბამისად, ტურისტების არარსებობას უკავშირდება. "წყალ მარგებელში" ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კლება, ძირითადად, მტკნარ წყლებზე მოდის.

"შარშანდელთან შედარებით, წელს 35%-40%-ით არის შემცირებული ჩვენი მტკნარი წყლების - "ბახმაროს" და "ჯეო ნატურას" გაყიდვები. რაც შეეხება მინერალურ წყალს, "ნაბეღლავი" ეროვნული ბრენდია და ის ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქ ჩვენი პოზიციების შენარჩუნებას უფრო მყარად ვახერხებთ, თუმცა რაოდენობრივი კლება მაინც გვქონდა, დაახლოებით, 5%. ექსპორტს რაც შეეხება, რეგიონის ქვეყნებში ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებს, რამაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე ვალუტის ცვლილებები და თავისთავად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნა გამოიწვია. შესაბამისად, ამან "ნაბეღლავის" ექსპორტზე ნეგატიური გავლენა იქონია", - განაცხადა „წყალი მარგებელის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა თინათინ მახარაძემ.

შიდა ბაზარზე გაყიდვები შეუმცირდა “აქვა გეოსაც”, რომელიც “სნოს” და “კობის” ბრენდებს აერთიანებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ექსპორტში მდგომარეობა გაუუმჯობესდათ, რასაც კომპანიის გენერალური დირექტორი ახალი წლის მოახლოებით ხსნის, მაგრამ კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს.

“ბოლო პერიოდში ჩვენს ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო, ეს ახალი წლისთვის მზადებითაა განპირობებული. ექსპორტის კუთხით ყურადღებას უფრო "კობზე" ვამახვილებთ", - აღნიშნა “აქვა გეო” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

საქართველოს მტკნარი წყლების ბაზარს მიმდინარე წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი ქართული ბრენდი "მთის წყალი" შეემატა, რომელიც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" გამოუშვა. თავიდან წყალი პლასტიკის ბოთლებში ჩამოასხეს, რამდენიმე დღის წინ კი წარმოებას 750 მლ-იანი შუშის ბოთლებიც დაემატა. თემურ ჭყონიას თქმით, უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.


წყლის ინდუსტრიის პოტენციალსა და ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრისას, ბიზნესმენმა თქვა, რომ დღეს კომპანიებს კონკურენცია ძირითადად ფასების ნაწილში აქვთ და ხშირ შემთხვევაში, ხარისხზე ორიენტირება ავიწყდებათ.

"როდესაც ბაზარზე კონკურენტებს შორის "ბრძოლა" მხოლოდ იმაზე მიდის, ვისი პროდუქცია უფრო იაფია, ამას არ ვეთანხმები, რადგან არსებობს გამოთქმა -"კომპანიის იაფი ფასებით მართვა ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ჰგავს" ანუ შენი ბაზარზე ყოფნა კი ხარისხთანაა კავშირში, მაგრამ უფრო მეტად ორიენტირებული იაფად გაყიდვაზე ხარ. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები ძირითადად იაფიან პროდუქციას ეჩვევიან და მენტალიტეტშიც იაფიანი პროდუქციის ყიდვა ზის. არადა, ჩვენ ორიენტირებულები უნდა ვიყოთ შესაბამის ფასში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე... თუ იაფიანზე ორიენტირებულები ვიქნებით, ქვეყანაც იაფიანი იქნება. ხალხმა უნდა აირჩიოს - ან ხარისიხანი ცხოვრება უნდა დაიწყოს ან - იაფიანი. სიღარიბე იაფიანი ცხოვრების განმსაზღვრელია", - ამბობს თემურ ჭყონია.