მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wyndham Grand Tbilisi: ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო ჩვენს ბიზნესზე განსაკუთრებით აისახა

5e0f4a9cd84c9
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.20 19:25
3855
„ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო განსაკუთრებით აისახა ჩვენს ბიზნესზე“, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა გიორგი დოლიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, 2019 წელს გახსნილი სასტუმროსთვის წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დადგა ტურიზმის სექტორი. გიორგი დოლიძე 2019 წელს სექტორში არსებული გამოწვევებიდან რუსეთის ავიასანქციებს და პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ახალი ბაზრების ათვისების ხარჯზე სასტუმროს ამუშავება.

„სასტუმრო გაიხსნა გასული წლის 2 მაისს; 160 ნომრით შემოვედით ბაზარზე. არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო -  "ვინდემ ჰოტელში" შემავალი "ვინდემ გრანდი". რუსეთის ტურისტული ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ტურიზმის სექტორმა, მათ შორის ჩვენც, იგრძნო ძალიან დიდი დანაკარგი, მაგრამ დიდი ძალისხმევით შევეცადეთ ახალი ბაზრებიდან იმ ტურისტების რაოდენობა მოგვეზიდა, რომელიც რუსეთის ნაკადის შეჩერებას დააბალანსებდა. ყველაზე საგრძნობლად ეს ავიასანქციები ვიგრძენით ახლა, როდესაც ტურისტული სეზონი არ არის ისეთი აქტიური. დაემთხვა ეს აქციები და ქვეყნაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რაც განსაკუთრებით ჩვენზე აისახა, იმიტომ რომ ლოკაციით თავისუფლების მოედანთან ვართ და ტურისტები თავს არიდებენ ჩვენთან ღამის გათევას“, - განაცხადა 2019 წლის შეჯამებისას სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

გიორგი დოლიძის თქმით, "Wyndham Grand Tbilisi-ში 2020 წლის ძირითადი ამინდი უკვე შექმნილია და ეს ახალი მიმართულებების ათვისებასა და მაღალმხარჯველუნარიანი კლიენტის მოზიდვაზეა ორიენტირებული".

„სექტემბრიდან მოყოლებული 2020 წლის შევსებაზე ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან მაინც, რუსეთიდან აღდგება ფრენები ორ ქვეყანას შორის და იმ რაღაც დანაკლისს შეგვივსებს რუსეთის ბაზარი.

2019 წელი ჩვენ ავითვისეთ ისრაელის და საუდის არაბეთის ბაზრები, ასევე დაგვემატა საინტერესო მიმართულება ინდოეთიდან, 2020 წელს კი, ემატება ტაილანდის ვიზიტები; 28 დეკემბრიდან დაიწყო ჩარტერული ფრენები, იქნება კვირაში 1 ფრენა, დაახლოებით, 320-კაციანი ბორტით და ვფიქრობთ, რომ ეს რეისებიც მოგვეხმარება 2020 წლის ნაწილობრივ შევსებაში. ძალიან აქტიურად გვინდა ვიმუშაოთ ჩინეთის და იაპონიის ბაზარზე. თუ ჩინეთიდან ჩვენ მივიღეთ მათი მოგზაურების 1%-იც კი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ტურიზმი აშენდება. მათ აქვთ განსხვავებული მოთხოვნები, ცოტა სპეციფიური კლიენტები არიან. ჩვენ გვაწყობს მათი მიღება იმიტომ, რომ მაღალმხარჯველუნარიანები არიან. ამან შეიძლება სამომავლოდ ფასების ზრდაც კი, გამოიწვიოს თუ ამის მოთხოვნა ამ კონკრეტული ბაზრიდან წამოვა“, - ამბობს გიორგი დოლიძე.