16.ოქტომბერი .2019 09:45

Wyndham Grand Tbilisi: რუსული ავიაემბარგო საქართველოსთვის - არა გასაჭირი, არამედ გამოწვევაა

views 904
უკან

„რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, როგორც 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე, თუმცა, რეალურად, ეს ძალიან კარგი გამოწვევა იყო ქვეყნისთვის, რადგან ვნახეთ, თუ როგორ შეგვიძლია რთულ და კრიტიკულ მდგომარეობაში მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება და სხვა ბაზრების ათვისება,“ - ასე აფასებს სასტუმრო wyndham grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი გიორგი დოლიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ ე.წ. რუსეთის ავიასანქციების ეფექტს.

„რუსი ტურისტები ჩვენთვის ძალიან მარტივი მისაღებია და ამიტომაც ავიასანქციებამდე ერთგვარი კომფორტის ზონაში ვიყავით, ახლა კი, გამოვედით ამ კომფორტის ზონიდან და მივმართეთ ახალ გზებს, როგორიცაა მაგალითად: ისრაელი, საუდის არაბეთი, იაპონია, კორეა და ემირატები. აღმოჩნდა, რომ ეს არც თუ ისე რთულია, თუმცა მთავარი ამ პროცესებში არის სწორი მიდგომები და სწორად გაგება, თუ რა სურთ იმ ქვეყნის ტურისტებს, რომელ ბაზრებზეც გავდივართ და სად ვხარჯავთ ფულს მარკეტინგულ კამპანიაზე ანუ თუ გვინდა ტურისტები ისრაელიდან, მაშინ უნდა მოვერგოთ მათ მოთხოვნებს და მაგალითად, გავუკეთოთ ქოშერული სამზარეულო, ირანის შემთხვევაში - ჰალალი და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად ყველა ქვეყნის სტუმარს”, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

wyndham grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა „გადაცემა საქმიან დილაში“ ასევე ისაუბრა სასტუმრო ნომრების ფასებზე, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია და რასაც, ასევე „რუსულ ავიაემბარგოს“ უკავშირებს.

„ივლისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა, გამომდინარე იქედან, რომ ჯავშნები გაგვიუქმდა და ეს დიდი დარტყმა იყო კერძო სექტორისთვის, ამიტომაც, ზარალი უნდოდა შევსებულიყო, თუმცა დღეს სიტუაცია ნელ-ნელა რეგულირდება”, - აღნიშნა მან.

ამასთან, გიორგი დოლიძის აზრით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, „საქართველომ ცუდად იხმაურა“.

„ჩვენი მხრიდან ძალიან ცუდი ფორმულირება მიეცა ამ ფაქტს და ცუდი მიმართულებით ვიხმაურეთ, რამაც მსოფლიო ბაზარზე გამოგვაჩინა თითქოს საქართველო გასაჭირშია. დღეს ნათლად ჩანს, რომ რუსული ტურისტული ემბარგო, საქართველოსთვის არა -გასაჭირი, არამედ გამოწვევა აღმოჩნდა, ბაზრის გაჯანსაღების კუთხით კი, პირიქით წინ გადადგმული ნაბიჯია”, - აღნიშნა განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ: ე.წ. რუსული ავიაემბარგოს დაწესებიდან უკვე 3 თვე გავიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ამ სამი თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ჯამურად 68,343-ით შემცირდა, თუმცა აღნიშნული კლება სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა დააბალანსა. ზრდა განსაკუთრებულად უკრაინიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა