მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხალხის ძალის კანონპროექტი საზოგადოებაში პოლარიზებას აღრმავებს – EMC

63f7a539af9bf
ელენე კვანჭილაშვილი
23.02.23 21:50
747
„მაშინ, როცა ევროკავშირი ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოსთან მიმართებით პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს, ჩვენ ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება იღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის და რომელიც საზოგადოებაში პოლარიზებას აღრმავებს,“ – ამის შესახებ EMC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თამთა მიქელაძემ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში "ანალიტიკა" ისაუბრა.

საქმე ეხება ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც მხარი ქართულმა ოცნებამაც დაუჭირა და რომლის მიზანიც, საქართველოს რეალობაში უცხოური აგენტების გამოვლენაა.
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

„ძალიან მძიმე ტენდენციაა, როდესაც სახელმწიფო იჭრება კერძო, ავტონომიური გაერთიანებების თავისუფლებაში და მათი საქმიანობის კონტროლს და რეგულირებას იწყებს“ – ამბობს თამთა მიქელაძე და დასძენს, რომ თუკი კანონპროექტი კანონად იქცევა, ის არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ჩარევის ფორმას მიიღებს, არამედ, მედიაგარემოსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს.

“მაშინ, როდესაც საქართველო გადის ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, ამგვარი საკითხის განხილვაც კი არათუ მისი მხარდაჭერა როგორც ამას ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, მკვეთრად აზიანებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს” – ამბობს თამთა მიქელაძე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოები, სადაც რუსეთის კვალდაკვალ ამგვარ კანონს იღებენ, რუსულ ორბიტაზე მყოფ ან მკვეთრად ავტორიტარულ ჩაკეტილ პოლიტიკურ სისტემებს წარმოადგენენ.

„ეს ერთ–ერთი მძიმე მარკერია დემოკრატიისთვის“ – ასეთია თამთა მიქელაძის შეფასება.