მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხალხმა ხორბალი სად წაიღოს, არ იცის“ - ბიზნესმენი სოფლის მეურნეობაში ახალი პოლიტიკის საჭიროებაზე

5ee1e51dde8e9
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 22:40
2052
სოფლის მეურნეობაში საჭიროა ახალი პოლიტიკის გატარება - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ.

მისი შეფასებით, მარცვლოვანი კულტურების მეურნეობის განვითარება არის სოფლის მეურნეობის ფუნდამენტი, იმისთვის კი რომ ეს კულტურები განვითარდეს, მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკა შემუშავდეს, რაც ადგილობრივი პროდუქტის შესყიდვის უპირატესობას გულისხმობს.

„სოფლის მეურნეობაში საჭიროა ახალი პოლიტიკის გატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ უპირატესობა მიენიჭოს ადგილობრივ წარმოებას, მე არ მაქვს აქ საუბარი ფასზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროდუქტი ბიოლოგიურ ობიექტს მოჰყავს. შენ შეგიძლია გააკეთო იმპორტი ბიოლოგიური სიმინდის-ხორბლის, იმის შემდეგ რაც ადგილობრივი მოიყვანე, შეიძინე, დაკმაყოფილდა ყველაფერი და მერე აკეთებ იმპორტს. დღევანდელი პოლიტიკა რაც არის, დღევანდელი მთავრობის შედეგი კი არ არის, არამედ წინა მთავრობის და იმის წინა მთავრობის... ჩვენს ქვეყანაში შემოგვაქვს ძალიან დაბალი ხარისხის ან ხორბალი ან სიმინდი“, - ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

ბიზნესმენი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ხორბლის და სიმინდის წარმოების განვითარება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც ფერმერები აწყდებიან.

„ხორბალი და სიმინდი არის ფუნდამენტი თანამედროვე სოფლის მეურნეობის. მაგალითისთვის თუ ხორბალი მოგყავს, იქ არის ნარჩენები, რომელიც მეცხოველეობას ანვითარებს, იგივეა სიმინდზეც. ეს აუცილებელი კომპონენტია. მე ხორბალსა და სიმინდზე ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის ქათმის საკვების ძირითადი ნაწილი.

მე ამ სფეროს უშუალოდ ვეხები და ვიცი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ან ზაფხულში ან შემოდგომაზე. ხალხს მოყვანილი აქვს ხორბალი და სად ჯანდაბაში წაიღოს არ იცის. არ იცის ვის მისცეს, როგორ გაყიდოს, ვინ გადაუხდის ფულს. არ შეიძლება ფერმერი ან კომპანია, რომელსაც მოჰყავს ხორბალი ასეთ პირობებში ჩავარდეს. ეს ისეთი ფუნდამეტური სფეროებია, რომ ეს ყველაფერი, მათთვის განსაზღვრული უნდა იყოს, რაც ნიშნავს იმას რომ უნდა იყოს შემსყიდველი კომპანია, ან სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იმ ადამიანის ინვესტიციები გამართლებული იქნება, შრომაც გამართლებული იქნება. ისეთი შემთხვევებიც ბევრია, როდესაც ყიდულობენ ხორბალს და არ უხდიან ფულს“, - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

ბიზნესმენის თქმით, ის ორთაჭალაში არსებულ ფერმერებს ხშირად უფინანსებს მარცვლის მოსავალს და შემდეგ ყიდულობს, მაგრამ ბიზნესმენი თვლის რომ ეს სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს გადაწყვეტილი. 

„მე ნაწილობრივ ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ, ჩემ გარშემო არსებულ მეურნეობებს იქ მე წინასწარ ვაფინანსებ მარცვლის მოსავალს და მერე ვყიდულობ. მაგრამ ეს კომპანიის დონეზე კი არ უნდა გადაწყდეს, ეს უნდა გადაწყდეს სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისად ის მიდგომა, რომ ვისაც ხორბალი მოჰყავს, უმჯობესია კაკალი ან თხილი მოიყვანოს, ეს ალტერნატივად არ უნდა განვიხილოთ. კაკლის და თხილის მოყვანას 7 წელი უნდა და ხორბალი და სიმინდი არის ძირითადი საკვები უზრუნველყოფა, არამარტო მეცხოველეობისთვის, არამედ ადამიანებისთვის და შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის პენსიები რაც ხალხს აქვს შევინარჩუნოთ საკმაოდ დაბალ დონეზე და ეს გვეძლვეს საშუალებას არ იყო დამოკიდებული დოლარისა და ლარის კურსზე.

ჩვენ უნიკალური ერი ვართ, ჩვენ ვდებთ ძალიან დიდ ფულს, მილიონობით დოლარს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, რომ მოვიყნოთ პროდუქტი, რომელსაც ვწურავთ და მილიონობით დოლარს ვხარჯავთ რომ გავყიდოთ საზღვარგარეთ. ეს გაუგებარია ჩემთვის რადგან ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ხორბალი და საქართველოს მოსახლეობა იყიდის ამას. რატომ სჯობია ხორბალი და სიმინდი, იმიტომ რომ საკმაოდ იაფი პროდუქტებია და ლოგისტიკა საკმაოდ ძვირი ჯდება“, - განმარტავს „ჩირინას“ დამფუძნებელი.