მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანგრძლივი კლებადი ტენდენციის შემდეგ, მარტიდან სესხების ზრდის ტემპი აჩქარებულია - "თიბისი კაპიტალი"

6107b0674b608
ინგა მურუსიძე
02.08.21 18:30
763
პანდემიის გამო ხანგრძლივი კლებადი ტენდენციის შემდგომ, 2021 წლის მარტიდან სესხების ზრდის ტემპი აჩქარებულია, - ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში, რომელიც 26 ივლისი 2021 – 2 აგვისტო 2021 პერიოდს მოიცავს.

კვლევაში წერია, რომ საბანკო სექტორის სესხების მთლიანი მოცულობა ივნისში წ/წ 12.6%-ით გაიზარდა და 39.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო საკრედიტო აქტივობის მატება ყველა სეგმენტში აღინიშნებოდა.

„კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, კორპორატიული სესხების მოცულობამ 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოავლინა - ზრდის ტემპმა თ/თ 1.9 პპ-ით იმატა და წ/წ 8.3% შეადგინა. ამავე პერიოდში, ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი MSME სეგმენტში დაფიქსირდა და წ/წ 18.1% შეადგინა, ხოლო საცალო სეგმენტი წ/წ 12.6%-ით გაიზარდა.

2021 წლის ივნისში, ლარის სესხები 18.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა და წლიური ზრდის ტემპი 27.6% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა 20.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, წინა თვესთან შედარებით დოლარიზაცია როგორც ნომინალურ გამოსახულებაში (1.8 პპ-ით), ასევე გაცვლითი კურსით შესწორებულ მაჩვენებლებში (0.4 პპ-ით) შემცირდა და 52.8% შეადგინა“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, საბანკო დეპოზიტები 2021 წლის ივნისში 16.7%-ით გაიზარდა და დეპოზიტების მოცულობამ 35.3 მლრდ ლარი შეადგინა, წლიური ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით კი 5.3 პპ-ით შემცირებულია. ზრდის შენელება ძირითადად ლარის დეპოზიტების (წ/წ +24.2%, შემცირებულია 13.2 პპ-ით მაისთან შედარებით) მიერ არის გამოწვეული, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი (წ/წ 12.2% წ/წ, შემცირებულია 1.5 პპ-ით მაისთან შედარებით) მხოლოდ მცირედით შენელდა.

„წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 60.1%-მდე შემცირდა, თუმცა მხოლოდ ლარის გამყარების გამო - გაცვლითი კურსისეფექტის გამორიცხვით დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით არის გაზრდილი. ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთმა ზრდა განაგრძო და 10.0% შეადგინა, უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს და საშუალოდ 1.2%-მდე შემცირდა.

შედეგად, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.8%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ფიზიკური პირებისთვის, სადაც სხვაობამ 9.6% შეადგინა“, - წერია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.