მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარისხის ინფრასტრუქტურა ეკონომიკის და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია - გენადი არველაძე

624f16de9fb43
BM.GE
07.04.22 21:47
722
ხარისხის ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კონფერენციაზე „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining - ის პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომლის ბიუჯეტი 1,4 მლნ ევროა.

„გამოვყოფდი აკრედიტაციის როლს და იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვახორციელებთ - როგორც აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების კუთხით, ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ნაწილში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქართველოს აკრედიტაციის შეფასების სისტემა ევროპული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. მისი ბიუჯეტია 1,4 მლნ ევრო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების მიმართულებით. მიმდინარე პროექტი მოიცავს როგორც საკანონმდებლო კუთხით დაახლოებას, ასევე აკრედიტაციის სფეროს წესების და პროცედურების დახვეწას და შესაბამისობაში მოყვანას. მნიშვნელოვანია აკრედიტაციის პროცედურების დიგიტალიზაციის, ანუ გაციფრულების მიმართულება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტირების და მასერტიფიცირებელი ორგანოების როლიც, რომელთა აკრედიტირებას ახდენს აკრედიტაციის ცენტრი - მათ მიერ უკვე სერტიფიცირებული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ხვდება, ქართულ პროდუქტს კი უფრო მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ აკრედიტებული სერვისების საერთაშორისო აღიარება ფუნდამენტური ნაბიჯია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსთვის და თავად ქვეყნისთვის - ევროპული და საერთაშორისო ქსელები აკრედიტებული ორგანოებისა და ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატებისა და ტესტების ბაზარზე მიღების გარანტიას იძლევა. აქედან გამომდინარე, ისინი უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და მათი ექსპორტის შესაძლებლობის მხარდაჭერას, ასევე პროდუქტისა და მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოებას.