01.დეკემბერი .2020 15:38

ხარჯების შეკვეცის ნაცვლად, 2021 წელს საჯარო სექტორის ხელფასები 60 მლნ-ით 1.6 მილიარდამდე იზრდება

ხარჯების შეკვეცის ნაცვლად, 2021 წელს საჯარო სექტორის ხელფასები 60 მლნ-ით 1.6 მილიარდამდე იზრდება
views 3837
უკან

2021 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მთლიანი სახელფასო ანაზღაურების სახით 1.61 მილიარდ ლარს მიიღებენ, რაც 2020 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბიუჯეტი ხარჯების შეკვეცის პოლიტიკას არ ითვალისწინებს. 

მთლიანობაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ასიგნებები 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც ბიუჯეტის რეკორდული მოცულობაა. მთავრობის ხარჯები 2020 წელთან შედარებით ჯამში 2.46 მილიარდი ლარით იზრდება. 

გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, ეს ეკონომიკური ზრდის პირველად პროგნოზთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, შესაბამისად, ზრდის შემცირების გამო, საგადასახადო შემოსავლების გეგმაც პირველად პროექტთან შედარებით შემცირებულია. 

საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3.6 მილიარდი ლარით;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 951.0 მლნ ლარით;
• დღგ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5.4 მილიარდი ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 347.3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი 1 მილიარდი;
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1.58 მილიარდი ლარის ოდენობით;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 77.0 მლნ ლარით.
 
მომდევნო წელს ყველაზე მეტი თანხით კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსება არის დაგეგმილი - უწყების ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5.56 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ასევე, ქვეყანაში დაწესებული "ლოქდაუნის" გამო, ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს.

უფრო დეტალურად, 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა