მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურის შემოვლითი გზის მიმდებარედ ჰამაკებით მოვაჭრეებისთვის დაპირებული სივრცეები მოწყობილი ისევ არაა

63090d5f54978
თამთა ჯიჯავაძე
26.08.22 22:57
2142
ხაშურში, შემოვლითი მაგისტრალური გზის პირველი მონაკვეთის მიმდებარედ სპეციალური სავაჭრო სივრცეების მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ის ადგილობრივი თვითდასაქმებულებისთვის ჯერ მოწყობილი არაა. ასეთია Bm.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ორი წლის წინ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული სივრცეები მალევე უნდა მოწყობილიყო. თუმცა, მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა.

"ესკიზების შექმნა უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაკეთდება, რათა იმ ადამიანებმა, ვინც მაგისტრალის გარშემო ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მუშაობა გააგრძელონ", - აღნიშნა ხაშურის მაშინდელმა მერმა, გიორგი გურასპაშვილმა ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში. დღევანდელი მერი კი ამბობს, რომ სპეციალური სავაჭრო სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულებული ისევ არ არის.

„ეს პროექტი სამწუხაროდ ვადაში გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე გაიწელა. ვფიქრობ, მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე იქნება. სავაჭრო სივრცე დაახლოებით 80 ადამიანისთვის არის გათვალისწინებული“, - ამბობს Bm.ge-სთან საუბრისას ხაშურის დღევანდელი მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი.

შეგახსენებთ, ხაშურის შემოვლითი გზის პირველი - 13 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნა, მას შემდეგ ადგილობრივ თვითდასაქმებულებს, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ საკუთარი სახლების მიმდებარედ ჰამაკებით ან სხვა პროდუქციით ვაჭრობა იყო, პრობლემები შეექმნათ. მერია მათ ალტერნატიულ სივრცეს დაჰპირდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სივრცე მათთვის ჯერ კიდევ არ არის მზად, თვითდასაქმებულების ნაწილმა ვაჭრობის ლოკაცია შეცვალა. ზოგიერთი მათგანი ჩუმათელეთის გზაზე გადავიდა, რომელსაც ახალი მაგისტრალური გზა ჯერჯერობით გვერდს არ უვლის.

ხაშურის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ თვითდასაქმებულებს ჯერჯერობით ურჩევნიათ იქ ყოფნა, სადაც არიან.

„ურჩევნიათ ჯერ იქ იყვნენ, ზოგადად ადამიანებს სიახლეები არ უყვართ და სკეპტიკურად არიან განწყობილი, მაგრამ ახალ სავაჭრო ადგილს რომ ნახავენ, ეს სიტუაცია დალაგდება“, - ამბობს მერი.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მოვაჭრეებისთვის სივრცით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება, თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე - არა. „ხელს შევუწყობთ რომ გადავიდნენ ამ ადგილას. პირველ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იყვნენ. შემდეგ ეტაპზე ალბათ უნდა იყოს გადასახადი“, - განმარტავს თენგიზ ჩიტიაშვილი.

ამასთან, მერის თქმით, ხაშურის შემოვლითი გზის პირველ მონაკვეთზე აშენებულ სავაჭრო მოედანზე დაახლოებით 80 ადამიანისთვისაა ადგილი. ხოლო ვაჭრობით თვითდასაქმებულთა რიცხვი 200-ს აღწევს. ამიტომ სამომავლოდ მეორე მონაკვეთის ტერიტორიაზეც იგეგმება მსგავსი სივრცის მოწყობა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც დაუდასტურეს.

„ერთი სავაჭრო მოედანი აშენებულია უკვე გახსნილი მონაკვეთის მიმდებარედ, მეორე კი გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში. როგორც მათ Bm.ge-ის განუცხადეს, გამომდინარე იქიდან რომ სავაჭრო სივრცის მოედნის მშენებლობა დასრულებულია, მათ მოწყობაზე პასუხისმგებელი უკვე თავად ადგილობრივი მთავრობაა. ადგილობრივი მთავრობა კი ამბობს, რომ საკითხის მოგვარებაზე კომუნიკაცია აქვთ გზების დეპარტამენტთან.

რა ეტაპზეა 265 მილიონამდე ლარის ღირებულების ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის პროექტი?