მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურში 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი შენდება - პროექტის ღირებულება ₾10 მილიონია

62e285e893d11
ნინო ჩიბჩიური
03.08.22 09:45
2355
ხაშურში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების - „ქართლის“ მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის სპორტული დარბაზი იფუნქციონირებს.

კოლეჯის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო.

უწყების ინფორმაციით, ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ მოკლე და გრძელვადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს. მათ შორისაა: ელექტრობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.

„კოლეჯის მშენებლობის სამუშაოები ხაშურში 2020 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო და პრაქტიკულად, დასრულების პირასაა; ვფიქრობთ, რომ პროექტი აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში მთლიანად დასრულდება. პარალელურ რეჟიმში, დავიწყებთ კოლეჯის სათანადოდ აღჭურვას. მათ შორის კომპიუტერული სისტემით, სხვადასხვა დანადგარებით, რომლებიც სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისთვის იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილმა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულება აქტიურ თანამშრომლობას აპირებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
თავის მხრივ, პროფესიული სასწავლებლის დირექტორის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამები ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა.

„შედგა კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, ჩატარებული ბაზრის კვლევის თანახმად, იდენტიფიცირდა ის პროფესიული მიმართულებები, რომლებზეც სწავლა შესაძლებელია უკვე დაიწყოს მიმდინარე წლის შემოდგომიდან. კოლეჯი "ქართლი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს განათლებასთან ერთად დასაქმება-თვითდასაქმების დიდ შესაძლებლობასაც აძლევს“, - ამბობს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი ხათუნა ლობჟანიძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კოლეჯი ექსპლუატაციაში შესვლას და სტუდენტების მიღებას წლის ბოლომდე შეძლებს.