მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: დავას საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელებთ

5e170da1a4fce
დავით ჯალაღონია
09.01.20 15:24
810
"დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ მთავრობამ, რომელიც ვერ აგვარებს ელემენტარული წყლის პრობლემას, რომელსაც არანაირი უნარი არ გააჩნია ქვეყნის მართვის, ბიძინა ივანიშვილის თამადობით დაასრულა სპეცოპერაციის პირველი ეტაპი, რომელიც ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს", – განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელიც კონსორციუმთამ ხელშეკრულების შეწყვეტას ეხება.

"ეს სპეცოპერაცია წელიწადნახევრის წინ არის დაწყებული ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ორკესტრირებული შეტევის შედეგად. მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა ამ ეტაპზე კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, არ აპატიებს იმას, რომ მან გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ჩვენს პერსპექტივას, სამუშაო ადგილებს, ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავდა, გააკეთა ყველაფერი იმ მართული თოჯინების მეშვეობით, რომლებიც არ არიან არც კომპეტენტურები, არც საქმის მცოდნეები.

ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის "ოცნებას", რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსმიერებაში, როგორც მან დღეს ჩვენს მომავალს გაუწყვიტა კონტრაქტი. აქ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე საუბარი არ არის. ისინი მიზანმიმართულად მიემართებიან იქით, რომ გააკოტრონ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი".

ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ჩვენ დავას საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელებთ. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების ყველა იმ ქმედებას, რომელსაც აქამდე არ ვასახელებდით, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძოდნენ ანაკლიის პროექტს, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალს", – განაცხადა ხაზარაძემ.