09.სექტემბერი .2019 13:50

ხაზარაძე ახალ მთავრობაზე: ეს არჩევნების წინ, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ძალოვანთა გაძლიერებაა

views 602
უკან

"ასეთი ზარ-ზეიმი ვიხილეთ ერთი წლის წინაც, როდესაც დაინიშნა წინა პრემიერ-მინისტრი. შედეგად რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში მუქარის წერილის ექსპერტიზა "საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა" და რომ მისი იურისტები ექსპერტიზასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, პროკურტურამ მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს:

"თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა ჩამოიტანა პასუხი, პირველი ექსპერტიზა დასრულდა, საკმაოდ სერიოზული შედეგებით, თუ რა შედეგებით, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა. შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე ამ წერილთან დაკავშირებით აღიძრება თავიდან, რამეთუ მათ ჰქონდათ საფუძველი, რომ ეს საქმე აღეძრათ, თქვენ იცით, რომ მათ ეს თებერვალში არ გააკეთეს.

ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი - მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული წერილი და ეს წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯი და რამდენად კრიმინალური აზროვნების სტრუქტურასთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გამოვავლეთ და საზოგადოებისთვის ეს გახდება ცნობილი.

მე იმედი არ მაქვს, რომ საერთოდ საქართველოში, დღევანდელი პროკურატურის პირობებში ნებისმიერი საქმე შეიძლება ობიექტურად იქნას გამოძიებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გენერალური პროკურორი და სხვა მინისტრები არის უკვე ტრადიციად ქცეული - პირადი ადვოკატი და პირადი თანამშრომლები. ეს არის ჩვენი ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა და ის უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება მთავრობას, მე თავად მინდა კითხვა დაგისვათ, რამე შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ასეთ ზარ-ზეიმი ვიხილეთ ერთი წლის წინაც, როდესაც დაინიშნა მისი წინა პრემიერ-მინისტრი. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ასე არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება, ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე ამასთანავე ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება - "მომდევნო ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღსა და ადგილმდებარეობას, უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ თუ როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ იქნება ასევე უახლოეს ხანში.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ არც გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც იცით გიორგი წავიდა პოლიტიკიდან, ის მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კონსულტაცია მასთან ჩვენ არ გვქონია"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა