მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე: გვინდა, საარბიტრაჟო ავიცილოთ, მაგრამ კონსორციუმი მისთვის სერიოზულად მზადაა

5e1d71439e29a
შოთა ტყეშელაშვილი
14.01.20 11:47
1180
დღეს "ანაკლიის განვითარების კონოსრციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს და კონსორციუმს შორის დადებული საინვესტიციო შეთანხმება დავების გადაწყვეტისთვის ორთვიან პერიოდს ითვალისწინებს და კონსორციუმის იურისტები სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, კონსორციუმს საარბიტრაჟო დავისთვის მზად არიან. 

"გვინდა, საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არბიტრაჟში არ წავალთ; არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი," - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" საინვესტიციო შეთანხმება ცალმხრივად 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შეწყვეტის მიზეზად, ვიცე-პრემიერმა კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობა დაასახელა. 

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმაც, რომელმაც თქვა, რომ მაღალი ალბათობით კონსორციუმის აქციონერთა მხრიდან საარბიტრაჟო დავა დაიწყება. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე $74 მილიონი დოლარი (218 მილიონი ლარი) აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება: 

  • სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი; 
  • საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი; 
  • სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი; 
  • დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი; 
  • პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი; 
  • დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი; 
  • გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი; 
  • სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის აუცილებელია $400-მილიონიანი სესხი, რომელსაც უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფი - EBRD, EIB, OPIC და ADB გამოყოფენ. ბანკებმა თავის მხრივ წარადგინეს რვაპუნქტიანი მოთხოვნების სია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ისინი თანახმა არიან დაიწყონ ანაკლიის დაფინანსება. ამ მოთხოვნების მნიშვნელოვან ნაწილზე კონსორციუმსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევის საკითხზე სახელმწიფოს პოზიცია უარყოფითია, ეს კი აღნიშნული სესხის მიღებას არსებულ ვითარებაში თითქმის შეუძლებელს ხდის. 

31 დეკემბერს კონსორციუმს სწორედ აღნიშნულ $400 მილიონისა და საკუთარი კაპიტალის $120 მილიონამდე შევსების შესახებ უნდა წარედგინა სახელმწიფოსთვის დოკუმენტაცია.