მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება მოხდა - დასკვნა

5ebcf0c7a13f0
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.20 13:00
1061
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის პოლინ დევიდი მიერ მომზადებულ დასკვნას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულთა მიმართ მოხდა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენება. ამასთან, პოლინ დევიდი აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

პოლინ დევიდი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:

- სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;

- თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;

- მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.

“არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს დაადასტურებდა. ბრალდებულების ქმედებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა პრედიკატული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს. მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ჩადენის ფაქტი,”- წერს პოლინ დევიდი.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ თავად ქმედებები, რომელთა დასჯასაც პროკურატურა მოითხოვს არის ხანდაზმული, ხოლო ბრალდების წაყენება კი მოხდა იმგვარად, რომ გვერდის ავლა მომხდარიყო ამ ფაქტისთვის, ეს კი პოლინ დევიდის განმარტებით, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

“მოცემულ საქმეში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება ხანდაზმულია, ხოლო ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლის მიზნით პირის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაა, რაც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა ბრალდებულის უფლებების დაცვას ითვალისწინებს,”- ნათქვამია დასკვნაში.

საერთაშორისო ექსპერტის შერჩევის პროცესი და მეთოდოლოგია

2019 წლის ნოემბერში „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ გამოაცხადა საერთაშორისო ღია კონკურსი ფულის გათეთრების ექსპერტი იურისტის ასარჩევად. სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეფასებას და იმის დადგენას, თუ რამდენად შეიცავდა მათ მიერ 2008 წელს განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები ფულის გათეთრების ელემენტებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კონკურსის შედეგად, 2020 წლის იანვარში შერჩეული იქნა ქ-ნი პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი (სიდნეი, ავსტრალია) 30 წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

მას გადაეცა საქმის ყველა მასალა ინგლისურ ენაზე, და ასევე იგი იმყოფებოდა საქართველოში 2020 წლის ოთხიდან შვიდი თებერვლის ჩათვლით, სადაც შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიაწოდეს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა.

ექსპერტის კვლევა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: