მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის ერთადერთი მიზანი ანაკლიის პროექტის შეჩერება იყო - ქვარცხავა

61deb01967718
ბექა ბაციკაძე
12.01.22 16:36
1857
„ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე ორკესტრირებული შეტევის ერთადერთი მიზანი მათი რეპუტაციის შელახვა და ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება იყო“, - ასე აფასებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს BLC Law Office-ის პარტნიორი, ადვოკატი ქეთი ქვარცხავა.

„როდესაც ვსაუბრობთ საუკუნის პროექტზე, ვგულისხმობ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტს, შეუძლებელია მისი ინვესტორები იყვნენ რეპუტაციაშელახულები და თავდასხმაც სწორედ ამიტომ მოხდა. ამდენად, პროექტში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი გახდა და საბოლოო ჯამში, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა“, - ამბობს იურისტი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის დავა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2022 წელს დაიწყო და ინვესტორის ინტერესებს ქეთი ქვარცხავა იცავს, იურისტს ვკითხეთ, როგორ მიმდინარეობს დავა არბიტრაჟში.

მისი თქმით, არბიტრაჟის მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, მაგრამ „კონსორციუმის მხარე დღემდე გადადგმული ნაბიჯებით და მიმდინარე პროცესით კმაყოფილია“.

ცნობისთვის: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი პატიმრობისგან გათავისუფლდნენ. კერძოდ, პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლი თცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს... ყველაფერი ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურება - ხაზარაძე