მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე: ვინ არის და რას ითხოვს TBC PLC-ის „უცნობი“ აქციონერი

620f6bd246f0c
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.22 14:05
2709
დღეს ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ, რომელიც TBC PLC-ის ერთ-ერთ აქციონერს, იან მალქოლმ ჰოქს წარმოადგენს, გამართა ბრიფინგი, რომელიც შეეხება სამართლებრივ პრეტენზიას ბანკთან. მისი თქმით, ჰოქმა მედიიდან შეიტყო, რომ ქართულმა სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით გამოიტანა განაჩენი, ხოლო საქმე $16 მილიონის სესხებს უკავშირდებოდა. ტორაძის განცხადებით, ამ სესხების მოთხოვნის უფლება დღეს $40 მილიონ დოლარს შეადგენს. ტორაძე ამბობს, რომ თუკი თიბისი ბანკი მის კლიენტს დაარწმუნებს, რომ ამ თანხის “თიბისისთვის დაბრუნების” პერსპექტივა არსებობს, მისი “კლიენტი დამშვიდდება”.

ჯერჯერობით, საქმე არცერთი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში რეგისტრირებული არაა. 

იურისტი დიმიტრი თორაძე არ ამბობს, როდიდან არის მისი კლიენტი ბანკის აქციონერი. უცნობია წილიც, რასაც ჰოქი ფლობს.

“ჩემი მარწმუნებლისთვის (კლიენტისთვის) მედიიდან ცნობილი გახდა იმ სასამართლო პროცესების შესახებ, რომელიც ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. აქედან იკვეთება თაღლითური სქემა და ბანკისთვის მიყენებული ზარალი. ჩემი კლიენტი მიიჩნევს, რომ ის მოვალეა მიმართოს სააქციო საზოგადოებას, რათა დაცული იყოს აქციონერთა ინტერესები და საკუთრივ თიბისი ბანკის ინტერესები.

ის მიმართავს თიბისი ბანკს, რომ მან დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები როგორც დამზარალებელი აქციონერების, ასევე ამ თაღლითურ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ. მასს მიაჩნია, რომ სამართლებრივად მყარად დასაბუთებულია მისი მოთხოვნა.

მას მყარი იმედი აქვს, რომ თიბისი ბანკი განახორციელებს ამ უფლებების დაცვას.

მას აქვს უფლება, რომ სხვა აქციონერებსაც მიმართოს და სხვებთანაც შეაჯეროს. მას დაუკავშირდა სხვა აქციონერი და ვართ კონსულტაციის რეჟიმში.

ის არ ითხოვს არაფერს ხაზარაძე-ჯაფარიძისგან, ის ითხოვს თიბისი ბანკისგან, თუკი თაღლითურ სქემას ჰქონდა ადგილი.

$40 მილიონამდე მოთხოვნის უფლება არის სხვის ხელში. უნდა განმარტოს სააქციო საზოგადოებამ და არსებობს ამ თანხის თიბისისთვის დაბრუნების პერსპექტივა, მაშინ ის დამშვიდდება.

ის დავობს თიბისი ბანკის სასარგებლოდ. მას აქვს ამის უფლება. ესაა სამოქალაქო-სამართლებრივი დავა.

ის თვლის, რომ სააქციო საზოგადოება დაზარალებულია და მიიჩნევს, რომ ეს დაზარალება პირდაპირ აისახება აქციონერზე.

თუკი 16 მილიონი და ამ 16 მილიონიდან მიუღებელი შემოსავალი 40 მილიონი გადის კაპიტალიდან, შესაბამისად, მისი როგორც აქციონერის წილი ხომ მცირდება, ესაა არგუმენტი.

არ მიკითხავს როდიდან არის აქციონერი. მე არ დავინტერესებულვარ ამით. ზოგადად, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ძველი და ახალი აქციონერი არ არსებობს. თქვენ რომ ჯიბეში 20-ლარიანი გიდევთ რა მნიშვნელობა აქვს ძველი გამოშვებისაა თუ ახლის?,” - ამბობს დიმიტრი ტორაძე.

BMG იან მალქოლმ ჰოქის უფლებადამცველისგან შეეცდება საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.



ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოიტანა. პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით დავობდა, რასთან დაკავშირებით როგორც საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ასევე TI-ს მიერ ჩატარებული შეფასების თანახმად, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც საქმეში ბრალს დაადასტურებდა.

სასამართლომ 12 იანვარს გამოტანილი განაჩენით ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და “ფულის გათეთრების” მუხლი თაღლითობის ხანდაზმული მუხლით შეცვალა. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.