14.იანვარი .2020 12:35

ხაზარაძე ქვეშეთი-კობის გზაზე: რატომ ვუშენებთ რუსეთს მაგისტრალს ტანკების შემოყვანისთვის?

views 1099
უკან

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ქვეშეთი-კობის საგზაო მაგისტრალის შესახებ ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს, ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად გასცეს $50 მილიონი დოლარის გარანტია, ამაზე ათჯერ მეტ თანხას იღებს სესხად რათა რუსეთის საზღვართან ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი მაგისტრალი ააშენოს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აღნიშნული გზის არსებობა დღეს საქართველოზე მეტად რუსეთის ინტერესში შედის და მას "ტანკების შემოსაყვანად კომფორტულ შესაძლებლობას აძლევს." 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალი ქვეყნისთვის არც ეკონომიკური თვალსაზრისით არის მომგებიანი. 

"ქვეშეთი-კობის გზა პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესში. ჩვენ, ჩვენი ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და რუსეთს ვაძლევთ კომფორტულად, ტანკების შემოყვანის შესაძლებლობას, იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის  20% აქვს ოკუპირებული.  რა ეკონომიკური სარგებელი აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის? 600 ადამიანი დასაქმდება მშენებლობის დროს ორი წლის განმავლობაში. ექსპორტის მიმართულება იქნება მხოლოდ რუსეთი, კომფორტს ვქმნით იმ გზაზე. ვხედავთ, რომ მთავრობა სასწრაფო წესით იღებს 500 მილიონის სესხს ამისთვის და შლის კონტრაქტს ანაკლიაზე. აჩერებს პროექტს, სადაც საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემა,  რომ ეჩვენებინათ საერთაშორისო ბანკებისთვის რომ ისინი იღებენ რისკებს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ ფული ჩადონ ისეთ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის, არც ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის. 

არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ - იქნება ეს დასავლეთი, ჩრდილოეთი თუ აღმოსავლეთი, მაგრამ წინააღმდეგი ვარ იმის, როდესაც ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როდესაც ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს, როდესაც უაპელაციოდ აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ - გუნდმა რომელმაც თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ და პრაქტიკულად მზად არის, რომ პროექტი დაიწყოს, თუ ასეთი ნება იქნებოდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული, აი ამ სიტუაციასთან გვაქვს ჩვენ საქმე. დასკვნები თქვენთვის მომინდია", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

გზის პროექტის აღწერა

ქვეშეთი-კობის გზაზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება; აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რითიც ქვეყანაში სიგანით ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება. 

ქვეშეთი-კობის გზაზე აშენდება 500 მ-იანი თაღოვანი ხიდი, რომლის თაღი უპრეცენდენტო 300 მ-ის სიგრძის იქნება.

პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

მთლიანობაში პროექტის ღირებულება $558.6 მილიონ დოლარს ანუ დღევანდელი კურსით 1.6 მილიარდი ლარის ტოლია - ამ ღირებულებით ის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა