10.ოქტომბერი .2019 14:36

ხაზარაძე სასამართლოს შემდეგ: ივანიშვილმა რეიდები რუსეთში ისწავლა და აქ ახორციელებს

views 339
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით პროკურატურა მას და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება, საუბარს აღარ აპირებს.

ამის შესახებ მან დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ თემაზე მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ იმიტომ, რომ იურისტებმა და ადვოკატებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ მედიას, საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი გუნდი ბიზნესს ვაკეთებთ.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ პროკურორად, საქმე გვაქვს უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან, ასეთივე უცოდინარ პროკურორებთან, რომლებიც ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებების ამოღებას საქმიდან, რომელიც ჩვენმა ადვოკატმა მოიპოვა. ამასთან გვაქვს საქმე.

ეს ხალხი არ არის ღირსი, საქართველოს ემსახუროს, არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, მოსამართლეები.... ერთი დამპალი ვაშლის ამბავი რომ არის, რომელიც მთელ კალათას აფუჭებს, ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და ამ ქვეყანას ღირსეული ადამიანების ხელში დავტოვებთ.

ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომელიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს..... და ის დაპირებები, ტყუილები, რომლებიც ორი საარჩევნო ვადის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, გადაახვიეთ მისი დაპირებები და მინდა ოცნების წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ დიდი ჭაობი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა