22.აგვისტო .2019 20:12

ხაზარაძე: წერეთელზე წარდგენილი ბრალი არის ზეწოლა, ჩვენ დავიცავთ თავისუფალ მედიას

views 186
უკან

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "თიბისის" საქმეზე TV პირველის მფლობელის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას ეხმაურება.

მან მედიასთან განცხადება პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება მოხდა.

"დღევანდელი ბრალი, წაყენებული ჩვენს მეგობარზე, ავთო წერეთელზე არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. იგი არც დირექტორი იყო ამ კომპანიების, არც მეწილე, ანუ საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლასთან, რომ მან თავის ოჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი, ან ძალიან მცირე დარჩენილი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ რაღაც გაუგებარი რამ.

მე გეუბნებით, TV პირველი არ არის წერეთლების ოჯახის, უკვე დიდი ხანია. ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ იმას ყველანაირი მეთოდებით, რადგან მთელი სცენარი გაშიფრულია", – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილებას მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა ჩაიბარა. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება. 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. 

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). 

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა