22.აგვისტო .2019 19:06

ხაზარაძე–ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ

views 240
უკან

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ბრალის დაზუსტებისთვის მივიდნენ.

როგორც BM.GE ხაზარაძე–ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, პროკურატურის მხრიდან ბრალის დაზუსტება ტექნიკური საკითხია.  

"ეს ტექნიკური საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ავთანდილ წერეთელსაც წაუყენეს ბრალი, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალის დადგენილებაშიც ამ ფაქტს ჩაამატებენ", – განმარტა ზვიად კორძაძემ. 

ამასთან, დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილებას მისი ადვოკატი კახა წერეთელი ჩაიბარებს. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა