მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა 2 დეკემბრამდე გადაიდო

5dc5597db0574
დავით ჯალაღონია
08.11.19 16:01
1169
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე გადაიდო.

ამის მიზეზი კი ჟურნალისტებთან ხაზარაძე–ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა.

"დღევანდელი სხდომა ჩანიშნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, შესაბამისად, უკვე არსებითი განხილვის მოსამართლემ თქვა, რომ დღეს სხდომები ჰქონდა, ამიტომ პროცედურულად 2 დეკემბრისთვის გადაიდო", – განაცხადა კორძაძემ და დასძინა, რომ 2 დეკემბერს მათ შესავალ სიტყვაში საკუთარ არგუმენტებზე ექნებათ საუბარი.

"აქ არავითარ ფულის გათეთრებას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს არის ძალიან მარტივი სამოქალაქო სასესხო ურთიერთობა, რაც დაადასტურეს ასევე იმ უცხოელმა მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ და რომელთა ჩვენებების ამოღებაზეც პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა", – განაცხადა კორძაძემ.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება".

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.