15.სექტემბერი .2019 23:39

ხაზარაძის აზრით, „ქართულ ოცნებაზე“ პრორუსული მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია

views 2449
უკან

„არ მგონია, რომ მტერია <ბიძინა ივანიშვილი>, ქართველი კაცია და ეს ქვეყანა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოვლენები, რაც სისტემურ ხასიათს იძენს, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის სასარგებლო და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, დამაზიანებელიც კი იყოს“, - ასე უპასუხა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ TV “მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წამყვანის კითხვას - „ამ ქვეყნის მტერია ივანიშვილი“?

თუმცა წამყვანის დამატებით კითხვაზე - ჰყოლია თუ არა, საქართველოს „ქართულ ოცნებაზე“ პრორუსული მთავრობა, ხაზარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„ამაზე პრორუსული მთავრობა, მე მგონი, არ გვყავდა, გეთანხმებით მაგაში“.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში საუბრისას კიდევ უფრო განმარტა, თუ რატომ არ თვლის, რომ ივანიშვილი საქართველოს მტერია.

„დაუძახო ქართველ კაცს მტერი, არის ძალიან სერიოზული ბრალდება. მე ვფიქრობ, იმ ვალდებულებიდან და იმ ქმედებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა კურსი აირჩიოს. მიდის თამაში ჩრდილოეთის და დასავლეთის კურსს შორის და ეს ჩვენს დასავლურ კურსს ძალიან სერიოზულად აზარალებს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვა ვიღაცაზე, რომ მტერია, მკვლელია და ა.შ. ეს არის ძალიან სეროიზული ბრალდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.