მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძის თქმით, ქვეყანას ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ "ნამახვანზე" პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება

6076923e64325
თელარა გელანტია
14.04.21 11:12
1501
პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველომ, რომელსაც დიდი რაოდენობით ჰიდრორესურსი აქვს, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ქვეყნის სიძლიერისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, მაგრამ ის მეთოდები და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ენერგოპოლიტიკის მიმართულებით ატარებს, კრიტიკას ვერ უძლებს.

ხაზარაძის მტკიცებით, "ნამახვანზე" პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება, რომელმაც მოსახლეობასთან კონტაქტის გარეშე, ერთ-ერთ კომპანიას რამდენიმე ჰექტარი მიწა გადასცა.

„ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ჩუმად გაურიგდა კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა. ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, უამრავი კითხვაა, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

„პირველად ვაკეთებ კომენტარს ნამახვანთან დაკავშირებით, რადგან რიონის ხეობის მცველებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართვა მათ არ სურდათ, რაც, ჩემი აზრით, არის შეცდომა. ეს პრობლემა ეხება ყველას. იქ ირღვევა რიგითი ადამიანების უფლებები და მათ დასაცავად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფაქტების გამოძიებას. ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია! საქართველოს, რომელსაც აქვს ამდენი ჰიდრორესურსი, ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისათვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ის მეთოდები, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, არ უძლებს არანაირ კრიტიკას.

გავიხსენოთ პანკისის მოვლენები, როდესაც ძალით სურდათ ჰიდროელექტროსადგურის აშენება. გავიხსენოთ სოფელი წაბლანა, აჭარაჰესი, სადაც არასწორი და საბჭოთა სტანდარტებით ააშენეს გვირაბი, რომელმაც გამოიწვია მთელი ამ სოფლის წითელ ზონად გამოცხადება. 250 ოჯახი დღეს, პრაქტიკულად, იქიდან აყრილია და წაბლანა გადაიქცა მეწყერსაშიშ ზონად.

რა ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით?! ეს ის მთავრობაა, რომელმაც 121 ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით, ყოველგვარი წინასწარი დისკუსიისა და საერთაშორისო სტანდარტის გარეშე დაიწყო ეს პროექტი! არ გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი, კარგად არ აუხსნა, ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, დიალოგში არ შევიდა და ას ოცდაერთ ლარად მიყიდა ამხელა ტერიტორია. ეს ის მთავრობაა, რომელმაც ამავე დროს გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარიას სერიოზული პასუხისმგებლობა, რომელმაც ასე ჩუმად გააკეთა ეს გარიგება და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა. ჩვენი მოქალაქეები იჭყლიტებიან ამ გაუთვითცნობიერებელ, არადიალოგის რეჟიმში და ერთადერთი რაც დარჩენიათ, შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს.

უამრავი კითხვაა, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ეს მთავრობა არავის არ ელაპარაკება, ეს მთავრობა მონოპოლიზირებულია. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ინვესტორის, წარმოშობით თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი, თუ ის ჩვენი ქვეყნის სტანდარტებს და ინტერესებს იქ არ დაიცავს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.