მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხდის თუ არა მთავრობა ვაქცინაციას სავალდებულოს ბიზნესის ხელით?

615dbf9dd9cc1
ელენე გოგბერაშვილი
06.10.21 22:15
1167
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ განიხილავს, ეს კი იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა, ინფიცირების მაჩვენებელი კი ისევ მაღალია. მაღალია  ვირუსით გარდაცვლილთა დღიური რიცხვიც.

თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მაგალითად თურქეთის, იქ აცრის ან PCR ტესტის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი ვერ ახვალთ, მით უფრო ვერ შეხვალთ კვების ობიექტებში.

მაშინ როცა ქვეყანაში დღიურად არათუ 40 ათასი აცრა ტარდება, როგორც ამას მთავრობა ელოდა, არამედ მხოლოდ 10 ათასმდე ადამიანი იცრება, ჯანდაცვის სპეციალისტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის 60%-იან სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, ეს კარგად ჩანს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე. მთავრობა ისევ ამბობს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და რთული ეპიდვითარების პირობებშიც, თუნდაც გარკვეული ჯგუფებისთვის, მანდატორულად აცრის ვალდებულების შემოღებას არც აპირებს.

მართალია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხშირად ამბობს, რომ თუ ბიზნესი საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს, რომ მათ დაწესებულებაში მხოლოდ ვაქცინირებული ან გატესტილი მომხმარებელი დაუშვას, სახელმწიფომ მათ მეტი თავისუფლება და სტიმული უნდა მისცეს, თუმცა ფაქტია, ვინც მსგავსი ინიციატივა გამოიჩინა, ჯერ არც მეტი თავისუფლება უგრძნიათ და არც სტიმული სახელმწიფოსგან. მაგალითად რესტორნებმა ე.წ მწვანე ზონებად ქცევის მზაობა გამოთქვეს, თუ მოქმედი შეზღუდვები მათზე არ გავრცელდებოდა და სახელმწიფო მაგალითად საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებდათ, თუმცა ფაქტია, წინადადების წამოყენებიდან ორი კვირის თავზეც ამ საკითხზე ჯერ ბიზნესს მთავრობის გაცხადებული პოზიცია არ მოუსმენია.

“ველოდებოდი, რომ გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოზე მწვანე ზონების თემა დაიძვრებოდა და ბიზნეს ობიექტები, რომლებიც  საკუთარ თავზე  და მომხმარებლებზე ზრუნავს, შექმნიდნენ ე.წ მწვანე ზონებს და შესაძლებლობა მიეცემოდათ გარკვეული სარგებელი მიეღოთ. ეს საკითხი ისევ გადაიდო, დამუშავების პროცესში, როგორი პასუხიც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, როგორადაც სპორტული ღონისძიებების შემთხვევაში დაშვებულ იქნა, მხოლოდ და მხოლოდ აცრილი პირები ან ისინი, ვისაც ჩატარებული აქვთ ტესტი, ზუსტად ასეთი მიდგომა უნდა ყოფილიყო შექმნილ ვითარებაში სხვადასხვა ობიექტების შემთხვევაშიც, რათა რაც შეიძლება დაჩქარდეს იმუნიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვირუსის მომდევნო ტალღებს ვერ გადავალთ და იქნება შეზღუდვა/გაღება, ისევ შეზღუდვა გაღება, რა დროსაც წინ ვერც ეკონომიკა და ვერც ბიზნესი წავა“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

როცა კერძო სექტორის მხრიდან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ რიტეილ სექტორის მხრიდან იყო შეთავაზება, ვაქცინირებულ მომხმარებლებზე გარკვეული ფასდაკლებები გავრცელებულიყო, თუმცა როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები პირად საუბრებში გვეუბნებიან ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნესს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. ვერ შეთანხმდნენ ასევე სავაჭრო მოლებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაზე და მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მოძრავი ვაქცინაციის ცენტრები განთავსდა.

ბუნებრივია ჩვენ ბიზნესს ვკითხეთ, მზად არიან თუ არა თამამი ნაბიჯისთვის, რომ არაპირდაპირ მომხმარებლები აიძულონ აიცრან. როგორც მათი ნაწილი გვეუბნება, მაშინ როცა სახელმწიფო ისრების გატანას კერძო სექტორზე იწყებს და გარკვეული ინიციატივების მოლოდინიც მათგან აქვთ, ეს მათ თვალში სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევას ნიშნავს.

„ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა ეფექტიანი მუშაობა, მაქსიმალური მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და მაქსიმალურად მეტი გადასახადის მობილიზება ბიუჯეტში. ვინც ამ გადასახადებს განკარგავს, კეთილი უნდა ინებოს და ისე ეფექტურად დახარჯონ, რომ ვაქცინირებული მეტი ჰყავდეთ და გარდაცვლილი ნაკლები. სექტორში გაყოფილია აზრი. ვაქცინირებული მომხმარებელიც გვყავს და არავაქცინირებულიც. ვერავის ვაიძულებთ ჩვენ, რაშიც ჩემი კოლეგების თანხმობაც არსებობს, რომ ასეთი რამის გაკეთება დაუშვებელია. ჩვენზე ისრების გადმოტანა არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება“, - აცხადებს "კოფისტას" ხელმძღვანელი, მიხეილ ფარულავა.

იმას, რაზეც bm.ge-ს რესპონდენტები საუბრობენ, ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გავრცელებული განცხადებაც, სადაც NCDC როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”.

რა ფორმით იქნება ან იქნება თუ არა ამ შემთხვევაში სტიმულირებული ე.წ მწვანე ზონები, ამაზე არც ამ განცხადებაშია საუბარი.