მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხეცურიანი: „საავტორო ღვინოები კარგია, მაგრამ ჩვენ იმ ენაზე უნდა შევქმნათ ღვინო, რომელიც ესმის ყველას“

627e8db4dae04
თათია ჩაფიჩაძე
13.05.22 22:00
1100
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის შალვა ხეცურიანის აზრით, ქართული ღვინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე გატანისთვის ერთი მხრივ უნდა გაიზარდოს მსოფლიო ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობა, მეორე მხრივ კი ქვეყნის შიგნით მევენახეობასა და მეღვინეობაში განათლება.

ხეცურიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ საავტორო ღვინოების არსებობით ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი ვერ გახდება და ამისთვის საჭიროა დავიწყოთ „საერთო ენაზე“ საუბარი, რაც სწორად კლასიფიცირებულ ვენახებზე, სწორად წარმოებული ღვინოების შექმნას გულისხმობს.

„ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი წარმატება მნიშვნელოვან ბაზრებზე, ისეთზე როგორიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, იაპონია, ჩინეთი. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ როცა ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაქირავებული ჰყავს მარკეტინგული კომპანიები, ეს კარგად მუშაობს იმ მხრივ, რომ ჩვენ არა მარტო ღვინის ისტორიით ვიყოთ ცნობადი, არამედ ქვეყნით, ადგილწარმოშობის დასახელებით, ვენახებით, კონკრეტული ღვინოებით. ჩემი აზრით, ერთი მხარეა რომ ეს აქტივობებია გასააქტიურებელი და გასაძლიერებელი, მეორე მხრივ კი ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს შიგნით. იმისთვის რომ აღმოვჩნდეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, უნდა ვიყოთ მნიშვნელოვანი ღვინოების მატარებელი ქვეყანა. ამის რეცეპტი ერთ სიტყვაში არის განათლება. განათლება მევენახეობაში, სადაც უკიდურესად დიდი გაჭირვება გვაქვს, განათლება მეღვინეობაში, ღვინის მარკეტინგში, აქაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბიზნესთან ერთად, არის ვენახების კლასიფიკაცია ისე, რომ გასაგები იყოს მსოფლიოსთვის. ჩვენ იმ ენაზე უნდა ვისაუბროთ, იმ ენაზე უნდა შევქმნათ ღვინო, რომელიც ესმის ყველას.

ჩვენ ვართ საავტორო ღვინოების ქვეყანა, რაც კარგია, მაგრამ მარტო საავტორო ღვინოების ქვეყანა ვერ ვიქნებით. ისევე როგორც მხოლოდ ალაზნის ველის ქვეყანა ვერ ვიქნებით. განათლება გვჭირდება იმისთვის, რომ სწორად კლასიფიცირებულ ვენახებზე სწორად ვაწარმოოთ მნიშვნელოვანი ღვინოები“ - განაცხადა BMG-თან საუბრისას ხეცურიანმა.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი - 61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები - 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%).

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.