მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ბევრმა ექიმმა და ექთანმა მოგვმართა - ბექა ფერაძე

63568d203adbd
ინგა მურუსიძე
24.10.22 18:02
504
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში დარღვევების გამოვლენის შემდეგ ინსპექციას ძალიან ბევრმა ექიმმა და ექთანმა მიმართა, რომლებიც ანაზღაურების ნაწილში დარღვევებზე მიუთითებდნენ. ფერაძე აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექცია თითოეულ საქმეს სწავლობს და შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„ძალიან დიდი რესურსი დაეთმო კოვიდკლინიკებს და მოგეხსენებათ, დადგინდა, რომ ექთნებისა და ექიმებისთვის იმ რაოდენობის თანხების ჩარიცხვა არ ხდებოდა, რაც სახელმწიფოსგან ირიცხებოდა. დარღვევა დაფიქსირდა 90-მდე კლინიკაში, დარღვევა რჩება დაახლოებით 10-მდე კლინიკაში. ჩვენ მიერ დარღვევების აღმოჩენის შემდეგ გაიზარდა მომართვიანობა. ძირითადი უკავშირდება ექიმების და ექთნების მხრიდან მომართვიანობას, რომ არ ხდება საკმარისი თანხების დარიცხვა, ან დროული ანაზღაურება და ა.შ. თითოეულ მათგანზე ხდება რეაგირება. ჩვენი აქტივობით ჩაერიცხათ დასაქმებულებს ის დავალიანება, რაც სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა. რამდენიმე მილიონზეა საუბარი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის სახელმწიფოს მხრიდან „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით ინსპექტირება განხორციელდა 110 კლინიკაში, რომლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 86 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

"კლინიკებზე ზედამხედველობა შეეხო 8000-მდე დასაქმებულ პირს. პირველადი ინსპექტირების ფარგლებში სანქციის სახედ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, გარდა 3 ობიექტისა, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა. აღნიშნული ობიექტებიდან 78-ზე განხორციელდა რეინსპექტირება (განმეორებითი ინსპექტირება), რომლის საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით საქმისწარმოების პროცესი მიმდინარეობს", - ნათქვამია ანგარიშში.

დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ, სხვადასხვა საქმეები შესაძლოა, სასამართლომდე მივიდეს. ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო პერსონალს მიმართავს, რომ თუკი კოვიდთან ბრძოლის დროს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ, აუცილებლად შეატყობინონ სამინისტროს. აზარაშვილი ირწმუნება, რომ უწყებას აღნიშნულზე ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

“დანამატებს რაც შეეხება, ასზე მეტი კოვიდკლინიკა იყო ქვეყანაში და ყველა ამ კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ხელფასების გარდა, რომლებსაც კლინიკები უხდიდნენ, დანამატს უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველად დავიწყეთ მოკვლევა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ისეთი კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალს არ აუღია დანამატები, რომლებიც სახელმწიფომ გასცა. შრომის ინსპექციის აქტიური ჩართულობით, ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, ვთხოვ და მოვუწოდებ სამედიცინო პერსონალს, თუ სადმე რამე მსგავსი ფაქტია და ჩვენი შემოწმების მიღმა დარჩა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მოგვმართონ და ძალიან ოპერატიული, მკაცრი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინაც.