მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება მცირე ფერმერების აღწერას იწყებს - "სახელმწიფოს არ აქვს ამის რესურსი"

5e21accc7e33f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.20 20:50
1303
ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეჭვის თვალის ვუყურებ მისი აღსრულებისა და გაკონტროლების მექანიზმებს, - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა განაცხადა.

რუსუდან გიგაშვილი მიიჩნევს, რომ არარეგისტრირებული წარმოების წესის ამოქმედება, რომელიც საოჯახო ტიპის ფერმერებზე გავრცელდება, გამიჯნავს ერთმანეთისგან მცირე ფერმერულ მეურნეობებსა და საწარმოებს, რომლებიც არალეგალურ საქმიანობას ეწევიან.

„დღემდე კონტროლის მექანიზმების არ არსებობას კარგად იყენებდნენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები. ამბობდნენ, რომ არიან არაორგანიზებული მეწარმეები, ე.წ. ბებოები და ამ ბებოების სახელს ამოფარებულებს დღეში შეიძლება 5 ტონა რძე გადაემუშავებინათ, არალეგალურ იატაკქვეშა ბაზარში. ეს პროცესი თუ არ შეჩერდა ძალიან ბევრი მეწარმე გადავა იატაკქვეშეთში. ამ წესის ამოქმედება ემსახურება ასეთი მცირე ბიზნესების ლეგალიზაციას. აქ საუბარია იმაზე რომ ხალხი არის, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობით ფრინველი, თუ ცხოველი და ამას მალავს და ამბობს, რომ არის მცირე მეწარმე. ეს ყველაფერი უნდა გაიმიჯნო, მცირე მეწარმეს თავისი სახელი დაერქვას, ინდმეწარმეს თავისი, ფერმერს - ფერმერი“, - ამბობს გიგაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში ამ კუთხით აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი განახორციელოს ეს წესი.

„საერთო ჯამში რაც პირველ რიგში არის გასაკეთებელი, ვალდებულებაც გვაქვს მიკვლევადობის ევროკავშირთან აღებული და თუ საერთოდ ვსაუბრობთ, რომ სურსათის უვნებლობის გარკვეულ მაჩვენებლებს უნდა მივაღწიოთ, ამის გარეშე ვერ მივაღწევთ, თუ არ დავითვალეთ სად, რა გვაქვს და არ იყო მიკვლევადი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოდის, ისე არაფერი იქნება. მეორეა რამდენად გაკეთდება. მე ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეჭვის თვალის ვუყურებ მისი აღსრულებისა და გაკონტროლების მექანიზმებს. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო სექტორში ისეთი რესურსი ადამიანური, რომელიც შეძლებს ამ ყველაფერის აღსრულებას და გაკონტროლებას... იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკადრო დეფიციტი აქვს“, - აცხადებს „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი.

რუსუდან გიგაშვილი საოჯახო მეურნეობებთან კომუნიკაციის არარსებობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების გაზრდა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება საოჯახო მეურნეობების აღწერისას.

„არაორგანიზებული წარმოების წესი უკვე შესულია ძალაში, მაგრამ სადმე, სოფლად ეს ინფორმაცია არ არის გავრცელებული. საკმაოდ დიდი გარდამავალი პერიოდი დაგვჭირდება იმისთვის, რომ რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ ეს რეფორმა ბოლომდე მისაყვანია. სანამ ყველაფერი არ დაითვლება, მიწა იქნება თუ ცხოველი, იქამდე ვერ ვისაუბრებთ ამ რეფორმის შედეგიანობაზე.

იმისთვის რომ ეს დადგენილება განხორციელდეს, ყველანაირი რესურსი უნდა იყოს ამოქმედებული. მე ვერ ვხედავ იმას, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე სტრატეგია, მთელი რეგულაციების იმპლემენტაციისთვის საჭიროა არსებობდეს სტრატეგია, როგორი კომუნიკაცია უნდა იყოს სამიზნე ჯგუფებთან. როდესაც მცირე ფერმერებზე გვაქვს საუბარი და საოჯახო მეურნეობებზე, გაცილებით ნაკლებია ცნობიერება და მათ აქვთ შიშები დამატებითი გადასახადებთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის აღსრულება, დამაჯერებელი იქნება მაშინ, როდესაც გამოვა სახელმწიფო და იტყვის, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ მე ამისთვის ვამატებ ბიუჯეტს, ემატება საკადრო რესურსები, ჩართულია სხვადასხვა უწყებებთან კომისია, მაგალითად შემოსავლების სამსახურთან მე თუ კომპლექსურად დავინახე, რომ მზაობა არის კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, უფრო მეტად იმედიანად ვიქნები და შეიძლება 1 წელიწადში რაღაც შედეგზე ვისაუბროთ“, - განაცხადა გიგაშვილმა.

ცნობისთვის, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის, ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი დაამტკიცა.

აღნიშნული დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

ა) არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი ან/და კვერცხი;
ბ) არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი;
გ) არაუმეტეს 30 სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი;