მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას ქართული ბორტით შეეცდება

611a211e59a45
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 12:17
1156
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქაბულში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას ხელისუფლება ქართული თვითმფრინავით შეეცდება - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ გუშინ ქართველების გამოყვანა პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი იყო, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ ვიცოდით, რომ ისინი იქ იმყოფებოდნენ და გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება. 2 საათისთვის პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით ქაბულის აეროპორტიდან უზრუნველყოფილი იყოს რეისი და ვთხოვეთ, რომ აეროპორტში მისულიყვნენ. სამწუხაროდ, ისინი ვერ მივიდნენ აეროპორტში იმ დროისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. ამასთან, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის დასტური, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან; რამდენიმე რეისი კიდევ დაგეგმილია. მათ ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა დაძაბული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს და ბაზაზე დარჩენა არჩიეს. ახლა მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადაყვანაზე ვმუშაობთ. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ მზად არიან ისინი ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც ჩვენი პარტნიორები მათ ჩამოყვანას საქართველოში უზრუნველყოფენ. ამასთან, ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა მათ წამოსაყვანად ცალკე ბორტს გააგზავნის. შესაბამისად, ახლა სანებართვო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულის აეროპორტში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქაბულში აეროპორტიდან 2 კმ-ში არსებულ კერძო ბაზაზე ამ დროისთვის საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ყოფილი სამხედროები არიან და ახლა კერძო კონტრაქტებით 17 მათგანი კანადურ, ხოლო 6 პირი ამერიკულ კომპანიას ემსახურება.

გუშინ ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბანი" ოფიციალურად მოვიდა. მათ ქაბული შტურმის გარეშე აიღეს, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ განიმ კი ქვეყანა დატოვა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ადგილობრივების ნაწილი ქვეყნის დატოვებას სხვადასხვა გზით ცდილობს.