მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“ - დავით სონღულაშვილი

64397e0bbc270
თელარა გელანტია
14.04.23 22:00
1350
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“. ამის შესახებ დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა კითხვები აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტზეც დაუსვა.

საქმე ის არის, რომ დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორის არის, რომელმაც რუსული სულისკვეთებით გამსჭვალულ კანონს მხარი დაუჭირა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველი ძალა იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ძალა ხალხშია და თავადვე უკან გაეწვია რუსული კანონი, პარლამენტარმა სოციალურ ქსელში ერთგვარი საბოდიშო ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო. რამდენიმე საათში პოსტი გაქრა.

- ბატონო დავით, თუ იმ სიტყვებში გულწრფელი იყავით, აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერეთ და მალევე წაშალეთ, მაშინ რატომ დაუჭირეთ კანონპროექტს მხარი თუ ეს იყო პარტიისთვის გაღებული მსხვერპლი?

- რა თქმა უნდა, გულწრფელი ვიყავი ჩემს სიტყვებში. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა ამის სიღრმეებში შესვლას, შეიძლება, სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს, ამიტომ სჯობს, ვთქვა, რომ ეს არის ჩემი პოზიცია...

- რატომ წაშალეთ პოსტი?

- ეგ არაა არსებითი... მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი პოზიცია ამ საკითხზე გამოვხატე.

- ანუ პოსტი წაშლილია, მაგრამ ბოდიში ძალაშია?

- ეს არის ტექსტი, რომელიც ჩემს პოზიციას სრულად გამოხატავს.

- მადლობის გადახდაც ხომ არ გსურთ ევროპელი ხალხისთვის - ისტორიული შეცდომისგან ხომ მათ გიხსნეს?

- მადლობა, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ქვეყანას ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ ევროპული კურსი და ინტეგრაცია მდგრადად განავითაროს. ეს არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის დამსახურება, ყველა მონაწილე მხარის დამსახურება და პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა ყოველთვის ვითარდება და წინ მიიწევს.

- მაშინ მადლობა ქართველ ხალხს შეცდომისგან ხსნისთვის - ასე გამოდის...

- ქართველ ხალხს ყოველთვის ეკუთვნის მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ პერიოდის განმავლობაში ვითარდება, წინ მიიწევს და ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურება, იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

- ნამდვილად უნდა გახსოვდეთ - მმართველ ძალას...

- ასეა. ფაქტია.