08.ივნისი .2020 18:10

ხელმისაწვდომია თუ არა მრავალჯერადი ქართული პირბადეები აფთიაქებში?

views 943
უკან

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირბადის არტარების შემთხვევაში, მოქალაქეები 20, 30 ან 50 ლარით დაჯარიმდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ანრი ოხანაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო და ძალაში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან შევა.

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ინიციატივას მხარს არ უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ჯარიმები მას შემდეგ დააწესოს, როცა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს პირბადის შეძენა მძიმე ფინანსურ ტვირთად არ დააწვეთ. "პირველ რიგში, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ პირბადეების შეძენა 20-30 თეთრად იყოს შესაძლებელი. ახლა აფთიაქებში პირბადე 1.20 -1.50 ლარი ღირს", - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი. 

BM.GE დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის დოლბანდის მრავალჯერადი ქართული პირბადეეები, რომლის წარმოება ეკონომიკის სამინისტრომ დაასუბსიდირა და შედეგად, აფთიაქებში მისი ფასი 50 თეთრია, რადგან ერთჯერადი სამედიცინო პირბადების ღირებულება, რომლის წარმოება უკვე საქართველოშიც დაიწყო, 1.20 ლარიდან იწყება და 1.50 ლარამდე მერყეობს.

სააფთიაქო ქსელებში განსხვავებული პასუხები აქვთ:

"ჯიპისი":  „დოლბანდის პირბადეების წარმოება შეჩერებულია და ახალი პარტია აღარ შემოვა. ქსელში, შესაძლოა, სადმე ძალიან მცირე რაოდენობა იყოს დარჩენილი ძველი პარტიიდან, ისიც მარაგის სრულ ამოწურვამდე. ჩვენ გვაქვს ძირითადად ერთჯერადი, სამშრიანი სამედიცინო პირბადეები“.

PSP: “ჩვენს ქსელში არც დოლბანდიანი და არც სხვა სახის პირბადეების მარაგების პრობლემა არ არის. გვაწვდიან მოთხოვნისამებრ“.

„ავერსი“:  „ქსელში 50 თეთრიანი, დოლბანდისგან დამზადებული პირბადეები ჩვეულებრივ იყიდება. მარაგშიც ბევრი გვაქვს და არც შემოტანაზე უთქვამთ უარი. გარდა ამისა, გვაქვს ერთჯერადი პირბადეები და მათი ღირებულება 1.20 ლარია“.

ინფორმაციისთვის: მრავალჯერადი, 12-შრიანი დოლბანდისგან შეკერილი პირბადებიის წარმოება საქართველოში მარტის შუა რიცხვებიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა. როგორც მაშინ ნათია თურნავა ამბობდა, 1 პირბადის წარმოება 1 ლარზე მეტი ჯდებოდა, თუმცა სახელმწიფომ ფასი დაასუბსიდირა და აფთიაქებში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები 50 თეთრად იყიდება.

bm.ge-ის სააგენტოში - "აწარმოე საქართველოში" განუცხადეს, რომ ჯამში პირბადეების წარმოებაში ჩართული იყო 16 საწარმო; დღეის მდგომარეობით კი, წარმოებას 9 კომპანია აგრძელებს. მისივე ინფორმაციით, უკვე წარმოებულია 4,957,961 ცალი პირბადე, საიდანაც აფთიაქებს 1,823,850 ცალი მიაწოდეს. 

bm.ge არკვევს, ჯამში, რამდენი მლნ დაიხარჯა მრავალჯერადი, სუბსიდირებული პირბადის წარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასასრულს უახლოვდება თუ არა 50-თეთრიანი პირბადის სამთავრობო პროგრამა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა