18.იანვარი .2020 10:00

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "Fredo Handmade" ჰოლანდიაში ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს

views 386
უკან

საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "Fredo Handmade", რომელიც ძირითადად ჩანთებსა და საყურეებზეა ორიენტირებული, ჰოლანდიაში ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"პროდუქცია საკმაოდ პოპულარულია უცხოელ მომხმარებლებში. ახლა ჰოლანდიაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ზოგადად, ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს. თვითონაც მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ შემთხვევაში მათ შეკვეთას ფოსტით ვუგზავნი", - განმარტა "Fredo Handmade"-ის დამფუძნებელმა სოფო უზნაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

"Fredo Handmade" უკვე 4 წელია არსებობს. მასში ინვესტიცია პირადი სახსრების საშუალებით განხორციელდა. როგორც სოფო უზნაძემ განგვიმარტა, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და თვეში დაახლოებით, 150 ჩანთა იყიდება. თითოეული ჩანთის შეძენა, რომლებზეც ხელით დატანილი ნახატებია წარმოდგენილი, მომხმარებელს ონლაინ შეკვეთით, 75-85 ლარის ფარგლებში შეუძლია.

"Fredo Handmade" საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს. პროცესში ასევე 3 მხატვარი, დიზაინერი, ხელოსანი და კურიერია ჩართული.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სოფო უზნაძემ განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე, მის გეგმებში მაღაზიის გახსნა არ შედის, ვინაიდან მომხმარებლებში ონლაინ შეკვეთები უფრო მოთხოვნადია.

"მაღაზიის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ყველას მაინც მიტანის სერვისით სურს სარგებლობა და ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ გვაქვს", - აღნიშნა "Fredo Handmade"-ის დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა