მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "SIDE I SIZE" ამერიკაში ექსპორტისთვის ემზადება

5e18848778696
ნუცა ბაზლიძე
11.01.20 10:00
1338
ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "SIDE I SIZE", რომელიც ფერად, პრინტიან აქსესუარებზეა ორიენტირებული, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიასთან ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ექსკლუზიურად BM.GE-ს ბრენდის წარმომადგენელმა ქეთევან ელიავამ განუცხადა.

"ჩვენი აქსესუარების გარკვეული ნაწილი მოსკოვში, ონლაინ-მაღაზიაში იყიდება. ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღეთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიასთან", - აღნიშნავს ქეთევან ელიავა.

ამასთან, როგორც ქეთევან ელიავა განმარტავს, ბრენდის დამფუძნებლებს დიდი სურვილი აქვთ, რომ სამომავლოდ საკუთარი დაფინანსებით ე.წ. Concept store სტილის მაღაზია გახსნან, სადაც მათი და მათი მეგობარი სტარტაპერების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კი, პროდუქციის რეალიზება ონლაინ შეკვეთებით ხდება, თუმცა მათ პროდუქციას ასევე, "სტამბის" წიგნების მაღაზიაში შეხვდებით.

აღსანიშნავია, რომ ბრენდი სხვადასხვა კომპანიებთამ თანამშრომლობისა თუ კოლაბორაციების თვალსაზრისითაც აქტიურია და ისინი "თიბისი ბანკთან" ერთად ახალ პროექტზე მუშაობენ.

"ძველი ქართული ტექსტილიდან ამოღებული ფრაგმენტებით ვაკეთებთ ჩანთებს, ფეხსაცმელებს, შარფებს, ლეპტოპის ჩასადებებს და ა.შ. ამ პროექტში სხვა სტარტაპერებიც არიან ჩართულები", - განმარტა ქეთევან ელიავამ.

გარდა ამისა, "SIDE I SIZE"-მა სპეციალურად კომპანია "სილქნეტისთვის" პრინტიანი საზაფხულო ჩანთები შექმნა, ასევე, დიზაინერ სოფო გონგლიაშვილთან თანამშრომლობდნენ, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ამ მხრივ კვლავ აპირებენ აქტიურობას.

ცნობისთვის: "SIDE I SIZE" 2018 წელს შეიქმნა. საწყის ეტაპზე, ბიზნესში პირადი სახსრებით დაახლოებით, 2000-ლარიანი ინვესტიცია ჩაიდო. ბრენდს ძირითადად, 2 წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, რომლებიც ასევე იდეის ავტორები არიან, თუმცა პროდუქციის შექმნაში კიდევ დაახლოებით 5 ადამიანია ჩართული, ფეხსაცმელს კი საამქროს უკვეთავენ. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, ფეხსაცმლის ფასი 600 ლარამდე აღწევს, თუმცა მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 ლარად კოსმეტიკის ჩასადები ჩანთა შეიძინოს. ქეთევან ელიავას განმარტებით, ფასები მეტ-ნაკლებად ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვალისწინებული, თუმცა ის ფაქტორი, რომ მასალა ნატურალურია და აქსესუარები - ხელნაკეთი, პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.